ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის გასუფთავებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ხოლო რა დრო იქნება საჭირო აღდგენითი სამუშაოებისთვის, უცნობია

31
spot_img

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის გასუფთავებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

ხმალაძის განმარტებით, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება ტერიტორიაზე აღდგენით სამუშაოებს.

„ჩვენ დაზარალებულებთან პირველივე დღიდან გვაქვს კომუნიკაცია. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ერთ-ერთი პირველი, რაც მათ ითხოვეს იყო – ტერიტორიის დასუფთავება და საჭირო სადემონტაჟო სამუშაოები, ვინაიდან ტერიტორიაზე დაზიანებულია კონსტრუქციების გარკვეული ნაწილი, საკმაოდ მძიმე დემონტაჟების განხორციელება გვიწევს. მეორე დღესვე შევიყვანეთ კომპანია, რომელიც ამ სადემონტაჟო სამუშაოებს გააკეთებს და უკვე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, დაახლოებით ერთი თვე მაინც დასჭირდება იმას, რომ ტერიტორია გასუფთავდეს. დღეს იმის თქმა შეუძლებელია, თუ აღდგენით სამუშაოებს რა დრო დასჭირდება, ვინაიდან ჯერ კიდევ სურათი ბოლომდე არ გვაქვს, თუ რა დაზიანებებია და რა ზომებია საჭირო იმისთვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და ის სივრცე შეიქმნას, რაც ამ ადამიანებს ესაჭიროებათ.

გარდა ამისა, ჩვენ ფინანსური დახმარების პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საპირწონე და ახლო იმ ზიანის ვერ იქნება, რაც ამ ადამიანებმა, სამწუხაროდ, მიიღეს, თუმცა ხელს ნამდვილად გაუმართავთ და გარკვეულ დახმარებას აღმოუჩენთ იმისთვის, რომ მათ შემდგომ ეტაპზე ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.

ასევე, ჩვენ კომუნიკაცია საბანკო სექტორთანაც გვქონდა. მათი რეაგირება და პასუხები საკმაოდ მხარდამჭერი იყო. ისინი მზად არიან, რომ ინდივიდუალურად, თითოეულ დაზარალებულთან მიმართებით იმუშაონ და საჭირო ზომები მიიღონ იმისთვის, რომ ეს პერიოდი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, იმ პერიოდს, როდესაც ამ ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ შეუძლიათ და პრაქტიკულად, სრულად ეს სამუშაოები გაჩერებული აქვთ.

ძალიან ცუდია, რომ საქონელი 100%-ით განადგურებულია… ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველა ერთად, გვერდში დგომით შევძლებთ, რომ ეს ადამიანები მალე დავუბრუნოთ იმ ფორმას, მდგომარეობას, როდესაც ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებდნენ“, – განაცხადა ხმალაძემ.