საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი.