იყავით სერიოზული, – ასე უპასუხა პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ შეკითხვას, იყო თუ არა შეშფოთებული, რომ აშშ შეიჭრებოდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პანამის არხის დაბრუნების შესახებ განაცხადა.
მულინომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხვა შეკითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა.
სესიაზე მულინომ გაიმეორა ქვეყნის მთავრობის პოზიცია და აღნიშნა, რომ უარყო ყველაფერი, რაც ტრამპმა თქვა, „უპირველესად იმიტომ, რომ ეს იყო მცდარი და მეორე იმიტომ, რომ პანამის არხი ეკუთვნის პანამას და კვლავაც პანამის საკუთრება იქნება“.
„პანამის არხი არ იყო შეერთებული შტატების დათმობა ან საჩუქარი. იგი შეიქმნა 1903 წლიდან დათარიღებული ხელშეკრულებების სერიის შედეგად“, – აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.
ინაუგურაციის დროს ტრამპმა გაიმეორა საკუთარი განცხადება, რომ შეერთებული შტატები დაიბრუნებს არხს, რომელიც მსოფლიო გადაზიდვის მთავარი მარშრუტია. ცნობილი ხდება, რომ პანამამ გაერო-ში წერილი წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემაშფოთებელი მუქარის გამო.
შეერთებულმა შტატებმა ააშენა არხი და ათწლეულების განმავლობაში მართავდა მიმდებარე ტერიტორიას. თუმცა შეერთებულმა შტატებმა და პანამამ 1977 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც გზა გაუხსნა პანამის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევას. შეერთებულმა შტატებმა არხი 1999 წელს გადასცა პანამას ერთობლივი ადმინისტრაციის პერიოდის შემდეგ.