“ინდოეთმა ტრამპს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს”-The Indian Express

7
spot_img

„ინდოეთმა ამერიკას არ უნდა დაუთმობს, თორემ ვაშინგტონის პრეტენზიები სულ უფრო მკაცრი გახდება“, – ნათქვამია ინდურ ინგლისურენოვან გაზეთ „ინდიან ექსპრესში“ (The Indian Express) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ინდოეთმა ტრამპს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს“, რომლის ავტორია შიამ სარანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. „რასაკვირველია, აშშ-სადმი წინააღმდეგობის გაწევა მოკლევადიან სირთულეებს გამოიწვევს, მაგრამ უმოქმედობა ინდოეთის ეროვნულ ინტერესებს ძალიან დააზიანებს“, – აღნიშნავს იგი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ლოგიკის მიხედვით, დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ინდოეთის მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს, რადგან ბევრმა ინდოელმა მას არჩევნების დროს მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, როგორც კი რესპუბლიკელი კანდიდატი პრეზიდენტი გახდა, მისი მმართველობის დაწყება კოშმარი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა არამარტო სავაჭრო ომის გააჩაღა, არამედ კომერციულ ინსტრუმენტებს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს – პირდაპირ განაცხადა, რომ ვაჭრობას გამოიყენებს იმისათვის, რომ უცხოეთის ქვეყნები ამერიკის ნებას დაემორჩილონ და თუ რომელიმე წინააღმდეგობას გასწევს, ის მკაცრი ჯარიმების ქვეშ აღმოჩნდება.

დონალდ ტრამპი არამარტო თავს ესხმის ინდოეთს აშშ-სთან სავაჭრო პროფიციტისა და თითქოსდა მაღალი ბაჟების გამო, არამედ სანქციებით გვემუქრება ჩვენი ურთიერთობების გამო რუსეთთან, ირანთან და „ბრიკს-პლუსში“ ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ვაშინგტონის მოქმედება მხოლოდ ვაჭრობით არის განპირობებული. თეთრი სახლის მოქმედება საფრთხეს უქმნის ინდოეთის ეროვნულ ინტერესებს, ემუქრება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც „სტრატეგიული ავტონომიის“ კურსით არის ცნობილი: ინდოეთის ყოველი მთავრობა, პარტიულობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის ერთგულია და თუ ქვეყნის სუვერენიტეტს რაიმე საფრთხე შეექმნება, აუცილებლობის შემთხვევაში თვითონვე იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის.

ჩვენთვის აშშ-სა და ინდოეთს შორის დღევანდელი მიმდინარე კრიზისი მხოლოდ სავაჭრო დავას არ ნიშნავს. ეს უფრო დიდი რამ არის. დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისათვის სანქციების დაწესება, შეიძლება ითქვას, „იგივე ოპერიდანაა“, როგორიც არის ბრაზილიის მიმართ 50%-იანი ტარიფების შემოღება, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს ბრალდება აქვს წაყენებული.

საინტერესოა, შემოიღებს თუ არა ანალოგიურ გადიდებულ ბაჟებს და ჯარიმებს დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ, რომელიც რუსული და ირანული ნავთობის ყიდვას აგრძელებს და მხარს უჭერს პალესტინას? თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავს შეიკავებს პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, აშკარა გახდება, რომ მისი თავშეკავება ჩინეთის მიმართ გამოწვეულია იმის მიზეზით, რომ იგი პეკინს ვერ შეაშინებს, ვერ დაჩაგრავს.

საყურადღებოა, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ ბაზარზე უფრო მეტია, ვიდრე ინდოეთისა. თვითონ განსაჯეთ: ინდოეთ-აშშ-ის ვაჭრობა 2024-2025 წლებში 186 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ჩვენი მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 10%-ია. ახლა ვნახოთ აშშ-ჩინეთის ვაჭრობა – 2024 წელს 582 მილიარდი დოლარი! აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში 143 მილიარდია, იმპორტი ჩინეთიდან – 438 მილიარდი. როგორც ვხედავთ, ვაჭრობის დეფიციტი ისეთი დიდია, რომ დონალდ ტრამპისათვი ჩინეთი უპირველესი სამიზნე უნდა იყოს სანქციებისა და ჯარიმებისათვის, მაგრამ მან უკან დაიხია – იცის, რომ ჩინეთიც საპასუხო ზომებს მიმართავს.

როგორი ვარიანტები აქვს ასეთ სიტუაციაში ინდოეთს? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
უპირველესი, რაც საჯაროდ უნდა განვაცხადოთ და ვაღიაროთ: დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ინდოეთ-აშშ-ის ურთიერთობა სულ უფრო მტრული ხდება. ჩვენ თუ აშშ-ის მოთხოვნებს ნებაყოფლობით დავექვემდებარებით, ამით ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვუღალატებთ. ჩვენ არცერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ იმის ნება, რომ გადაგვიწყვიტოს, რომელ ქვეყანასთან უნდა ვითანამშრომლოთ და რომელთან – არა. ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ საქმეებში ჩარევის დაუშვებლობა და განვაცხადოთ, რომ ინდოეთი თავის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს.

მეორე – ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ინდოეთს და აშშ-ს შორის ბოლო ოცი წლის განმავლობაში საკმაოდ მტკიცე თანამშრომლობა ჩამოყალიბდა დაზვერვის სფეროში, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით სამხედრო ტექნიკისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენი მოქმედება ფრთხილი უნდა იყოს და სამხედრო თანამშრომლობაზე ნეგატიურად არ უნდა აისახოს. თუ ამერიკა თვითონ გაწყვეტს ურთიერთობას, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩვენი.

მესამე – ალბათ, არიან ჩვენთან ისეთი ანალიტიკოსები, რომლებიც თანახმა არიან, რომ ინდოეთი დონალდ ტრამპის დაშინების პოლიტიკას დაემორჩილოს და სიტუაცია არ გაამწვავოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამღუპველი იქნება. ამერიკის ჭირვეული პრეზიდენტი როგორც კი დაინახავს, რომ ჩვენ უკან ვიხევთ, ის უფრო მეტ მორჩილებას მოგვთხოვს. ეს იქნება ჩვენი გამოფიტვის პროცესი. ამიტომ, უმჯობესია წინააღმდეგობა ახლავე გავუწიოთ, რომ სამომავლოდ უარესი ტანჯვა თავიდან ავიცილოთ.

მეოთხე – როგორც ჩანს, ჩვენ საკუთარ ამტანობას და სიმტკიცეს სათანადოდ არ ვაფასებთ. გავიხსენოთ, რომ უფრო სუსტებიც ვყოფილვართ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მზად ვიყავით მარტოდმარტო გვებრძოლა ჩვენი ინტერესების დასაცავად. 1968 წელს ინდოეთმა უარი განაცხადა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე – მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ ზეწოლას განვიცდიდით საბჭოთა კავშირისაგან და აშშ-საგან. ჩვენ უარი ვთქვით და არ შევუერთდით დისკრიმინაციულ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის თაობაზე 1995 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი უარმყოფელი აღმოვჩნდით. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვიყავით რიო-დე-ჟანეიროს კლიმატის კონვენციის მიმართ და უარი ვთქვით პარიზის ახალი შეთანხმებისადმი შეერთებაზე და სწორად მოვიქეცით: დღეს პარიზის შეთანხმებას სწორედ ის ქვეყნები არღვევენ ყოველ ნაბიჯზე, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ.

ინდოეთს ყოველთვის პატივს სცემდნენ მისი გაბედული მოქმედებისა და რადიკალური ნაბიჯებისათვის საკუთარი ინტერესების დასაცავად. განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მაგალითს ინდოეთისაგან იღებენ. ჩვენი ავტორიტეტს და ნდობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი ინდოეთის დიდ გავლენას და დიპლომატიურ წონას უზრუნველყოფს. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს აქტივი, მას უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ გვემუქრებიან, რომ მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკების პროცესიდან გაგრიყავთო. ინდოეთმა არასოდეს არ უნდა შეწიროს თავისი ეკონომიკური და მატერიალური ინტერესები რაღაც სიმბოლური სტატუსის მოპოვებას, რომ ჩვენ „მაღალი დონის მოლაპარაკების პროცესის მონაწილენი“ ვიყოთ.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ჩვენთვის გარკვეულწილად მტკივნეული იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამ ტკივილის ასატანად. ინდოელი ხალხი ყოველთვის მზად იყო წარსულში და მზად იქნება სამომავლოდ მსხვერპლზე წავიდეს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ინდოელი ხალხი მხარს დაუჭერს ისეთ ლიდერს, რომელიც ასეთი მოწოდებით გამოვა. ეკონომისტების გამოთვლების თანახმად, დონალდ ტრამპის კაპრიზების ნიადაგზე ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 2%-ით შემცირდება, რაც არცთუ დიდი ფასია უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.

მიმდინარე წელს ინდოეთი უსაფრთხოების დიალოგის ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს და ჩვენს ქვეყანას დონალდ ტრამპი ეწვევა. თუ აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის შეხვედრაში მონაწილეობაზე, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ინდოეთმა თავის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიას უნდა გადახედოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: