დღევანდელ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ რეგისტრაციასაც არ გავივლით, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სწორი პოზიცია იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, თუმცა ითვალისწინებენ პრეზიდენტის მოწოდებას და დარბაზში არ იქნებიან.
“იმდენად მძიმე გარემო გვაქვს. ვიცით, გუშინ მდინარაძემაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფარულად, ცალკეულ დეპუტატებთან და ეს სანახევრო სიმართლეა, რადგან რეალურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ დეპუტატებთან, არამედ ცალკეულ პარტიებთანაც, ამიტომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან რაციონალურ მოლოდინს ვერ ვხედავ, ყველასგან მაქვს მოლოდინი ამ ცდუნებაში შესვლის, რასაც შეიძლება “ქართული ოცნებიდან” სთავაზობდნენ. შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ჩვენს გუნდზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ თითოეული იმ დეპუტატის პასუხისმგებლობა, როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ოპოზიციიდან, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იქნება პერსონიფიცირებული.
“ყოფილო კოლეგებო “ქართული ოცნებიდან”, ნუ დაიმძიმებთ თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებით და იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით”, – დასძინა ლილუაშვილმა.