იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში – ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ „ქართულ ოცნებას“ მარტო ეს საქმე – იაგო ხვიჩია

15
spot_img

გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ მოდი, გადავულოცოთ “ქართულ ოცნებას” მარტო ეს საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა რაც, ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ძალიან უნდა, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მარტო თვითონ მიიღოს და “არ უნდა, რომ ასეთ წმინდა საქმეში ვინმე გარიოს”.

“ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით “ქოცებს” ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ “ქართულ ოცნებას” მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი. ჩვენთან არაფერი არ იყო შეთანხმებული ამ კანონთან დაკავშირებით, არც სხვა კანონთან დაკავშირებით და უბრალოდ, ვერ მივხვდით რატომ უნდა დავხმარებოდით “ქართულ ოცნებას” ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე კიდია,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა – 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. დეპუტატები შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.