ამერიკელმა ჟურნალისტმა, Wall Street Journal-ის რეპორტიორმა ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და აღნიშნა, რომ ის იმედს არ კარგავს.
„მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ. ვკითხულობ, ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო. დედა, შენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ციხის კვებისთვის მომამზადე. შვრიასა და ბურღულეულს მაჭმევენ. ეს ბავშვობას მახსენებს“, – წერს Wall Street Journal-ის რეპორტიორი.
რეპორტიორის მშობლებმა, ელა მილმანმა და მიხაილ გერშკოვიჩმა გასულ კვირას თქვეს, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ.
„ეს არის ერთ-ერთი ამერიკული თვისება, რომელიც ჩვენ ავითვისეთ – იყავით ოპტიმისტური, გჯეროდეთ ბედნიერი დასასრულის, მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე მესმის, რაშიცაა საქმე“, – აღნიშნა მილმანმა.
ცნობისთვის,The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ გერშკოვიჩი აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.
WSJ-მა ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების გამო, აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა.