იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს. ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრ პატიმარს შეხვდა, მათ შორის უვადო პატიმრებს და მათი მოთხოვნაა, რომ გარკვეული საკითხები იყოს მათ მიმართ გატარებული სამართლიანად.
„პირველ რიგში, მათგან, მათი ოჯახებიდან მოდის ინიციატივები. ისინი დამიკავშირდნენ და და მათ გაამახვილეს ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქრონიკულ დაავადებებზე. ასევე ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
როდესაც ოჯახურ ძალადობაზე ადამიანი დატოვებს საპატიმროს, ალბათობა იმის, რომ მან გაიმეოროს იგივე დანაშაული, არსებობს. ამას სჭირდება დაზღვევა. ამისთვის სასამართლომ უნდა გაარკვიოს დამცავი ორდერის გაცემის პირობების დროს, თანხმობა მსხვერპლის ხომ არ იყო მოპოვებული რაიმე ტიპის ზეწოლის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ქალი მსხვერპლების მიმართ შესაძლოა, რთული სიტუაცია მივიღოთ, თუ სასამართლოს მხრიდან ეს ნაწილი სკრუპულოზურად არ იქნება გარკვეული“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები არის მნიშვნელოვანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო თანხმობა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამნისტიის კანონპროექტის მუხლობრივ განხილვისას გაითვალისწინებენ.
„იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს. ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია იმ პირობებში, როდესაც საქართველო ევროპაში, სამწუხაროდ, პატიმართა რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზეა. ეს ამნისტია ამ მიმართულებითაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს – ჩვენ ასეთ მოწინავე პოზიციებზე აღარ ვიქნებით“, – აღნიშნა იოსელიანმა.