“ილონ მასკი და კიევის შეწყვეტილი იერიში რუსეთის ფლოტზე” -Voice of America

608
spot_img

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ილონ მასკი და კიევის შეწყვეტილი იერიში რუსეთის ფლოტზე – რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში“. მასალაში განხილულია ბოლო დღეებში მომხდარი სკანდალი, რომელიც ამერიკელ ბიზნესმენს, გამომგონებელს და ინვესტორს, SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
„უბრალო გაუგებრობა“ – ასე აფასებს უოლტერ აიზეკსონი, ცნობილი ამერიკელი ბიოგრაფი და ჟურნალისტი ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება მისი ახალი წიგნის გმირის – ილონ მასკის როლს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ფლოტზე მიტანილი იერიშის ჩაშლაში.
წიგნის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია “სი-ენ-ენმა” (CNN) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკმა გასულ წელს გასცა ბრძანება, გამოერთოთ კომპანია “სტარლინკის” სატელიტური კავშირი უკრაინაში. შედეგად, უკრაინას ჩაეშალა წყალქვეშა დრონებით წამოწყებული იერიში სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა მართვა დაკარგეს, ისინი ზღვამ ნაპირზე გამორიყა.
როგორც ილონ მასკის ბიოგრაფი აღნიშნავს, ბიზნესმენმა ინჟინრებს ინტერნეტ-კავშირის გამორთვა სავარაუდოდ იმიტომ დაავალა, რომ შიშობდა, რუსეთს ყირიმის შავი ზღვის ფლოტზე მიტანილი მასიური იერიშის გამო, კრემლს ბირთვული დარტყმით არ ეპასუხა. კიევში სცადეს ამერიკელი მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინათ, მაგრამ მან საკუთარი პოზიცია არ შეცვალა.
“სი-ენ-ენის” პუბლიკაციას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ახლა კი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ილონ მასკს გაბედულება შეუქო და მას უწოდა „ბოლო ადეკვატური ადამიანი“, რომელიც „გენდერულად ნეიტრალურ ამერიკაში“ დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი თქვა, რომ „ზოგჯერ შეცდომა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეცდომა“, რადგან რუსეთის ფლოტის გემებიდან გაშვებული რაკეტებით უკრაინაში ბავშვები, მოხუცები და ქალები იხოცებიან. მიხაილო პოდოლიაკმა ილონ მასკს „უვიცობის და დიდი ეგოს ნაზავიც“ კი უწოდა.
ამერიკულ გამოცემა “ატლანტიკში” კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი სტივენ ფილდშტეინი წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ილონ მასკის სახით, ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. კერძო სატელიტური კომპანია „სტარლინკი“ ისეთ შესაძლებლობებს იძლევა, რომელთანაც სხვა „ვერცერთი მთავრობა ან კომპანია ვერ მივა… მისი ინოვაციები მასკის მიზანდასახულობის და ამბიციების ნაყოფია. მაგრამ ეს ყოველივე ამერიკის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან გადაიხლართა. ილონ მასკი ფართოდ განიხილება, როგორც არასტაბილური ლიდერი, რომელიც არ შეიძლება ინდობოდეს, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებს ეხება“ – წერს სტივენ ფილდშტეინი, რომელიც 2014-17 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში.
ავტობიოგრაფიული წიგნი ტექნოლოგიურ მაგნატზე “ილონ მასკი” შეერთებულ შტატებში სამშაბათს, 12 სექტემბერს გამოიცა. როგორც მისმა ავტორმა უოლტერ აიზეკსონმა “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებს უთხრა, პირველ რედაქციაში ძველი ტექსტი უცვლელად დარჩა. მაგრამ, ის “არასწორად” აღწერს მასკის როლს უკრაინის ჩაშლილ შეტევაში, რაც წიგნის შემდგომ გამოცემებში გამოსწორდება. კერძოდ, უოლტერ აიზეკსონი ამბობს, რომ ცდომილება უკავშირდება ყირიმში „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის შეწყვეტის თარიღს. მას ეს თავად ილონ მასკმა განუმარტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყირიმისთვის ინტერნეტის გამორთვა მან გაცილებით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე უკრაინელები რუსეთის ფლოტზე იერიშის მიტანას დაიწყებდნენ. ილონ მასკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იყო პასუხი წყალქვეშა დრონებით სევასტოპოლის პორტზე დაგეგმილ დარტყმაზე.
ამის შემდეგ უოლტერ აიზეკსონმა ყოფილ „ტვიტერზე“, ახლა კი იმავე ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ განაცხადა: „უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ [ინტერნეტი] ჩართული იყო ყირიმამდე, მაგრამ ეს ასე არ იყო. მათ ილონ მასკს სთხოვეს, ჩაერთო ის მათთვის. მასკმა ამის საშუალება არ მისცა, რადგან, ალბათ, სწორად წარმოიდგინა, რომ ეს ომში დიდ გამწვავებას მოიტანდა“.
ილონ მასკის პასუხმაც არ დააყოვნა. მან მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს და თქვა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა „უკრაინის მოთხოვნაზე უარის თქმასა და უკრაინის [შეტევის] ჩაშლის მიზნით, „სტარლინკში“ განზრახ შეტანილ ცვლილებაში“.
ილომ მასკის განმარტებით, მათი ინტერნეტ-მომსახურების პირობები ხაზგასმით კრძალავს „სტარლინკის“ შეტევითი სამხედრო მოქმედებისთვის გამოყენებას, რადგან ის მხოლოდ სამოქალაქო სისტემას წარმოადგენს. მასკი იქვე დასძენს, რომ მისი კომპანია ამერიკის მთავრობისთვის აშენებს „სტარშილდს“ (Starshield), რომელიც „სტარლინკის“ მსგავსი იქნება და რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა გააკონტროლებს.
და ვიდრე გამომცემლები წიგნის მომავალ რედაქციაში ცვლილებას შეიტანენ, ილონ მასკზე 12 სექტემბერს გამოსულ წიგნში, უოლტერ აიზეკსონის მონათხრობი ასე გამოიყურება:
„მთელი საღამო და ღამით, სიტუაციის მართვა მან საკუთარ თავზე აიღო“, წერს ილონ მასკზე მისი ბიოგრაფი. „მისი დასკვნით, “სტარლინკის” შეტევაში გამოყენების დაშვება, შესაძლოა მსოფლიოსთვის კატასტროფული იყოს. ამიტომ მან ფარულად უთხრა თავის ინჟინრებს, რომ გამოერთოთ [ინტერნეტის] კავშირი ყირიმის სანაპიროდან 100 კილომეტრის რადიუსში. შედეგად, როდესაც უკრაინული უპილოტო წყალქვეშა დრონები სევასტოპოლში რუსეთის ფლოტს მიუახლოვდნენ, მათ მართვა დაკარგეს და ნაპირზე უვნებლად გამოირიყნენ“.

წყარო