
ილონ მასკის Tesla-ს აქციები მეცხრე კვირაა ვარდნას აგრძელებს. CNN-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ტესლა “ბრენდის კრიზისის ტორნადოში” მოხვდა.
ინვესტორები საჯაროდ მოუწოდებენ ილონ მასკს, მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად. გასულ დეკემბერში Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შთამბეჭდავ $1,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის მარტში Tesla-ს საბაზრო კაპიტალი $750 მილიარდამდე დაეცა და მისი აქციები კვლავაც იკლებს.
ექსპერტები და ინვესტორები ილონ მასკის კომპანიის პრობლემებს მის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, ილონ მასკის კომპანიების აქციებმა სწრაფად ზრდა დაიწყო. მასკმა დიდი როლი ითამაშა ტრამპის გამარჯვებაში და ინვესტორები ელოდნენ, რომ ლეგენდარული ბიზნესმენი გამოიყენებდა ურთიერთობას აშშ-ს პრეზიდენტთან ბიზნესის განვითარებისთვის.
თუმცა ვითარება სხვა მიმართულუბით წარიმართა. ილონ მასკმა დაიკავა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE-ს) ხელმძღვანელის თანამდებობა და ხელმძღვანელობს “ჯვაროსნულ ლაშქრობას” ვაშინგტონის ბიუროკრატიის წინააღმდეგ. მასკის მიზანია მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესება და ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. მასკი თვლის, რომ მთავრობა მსხვილი კორპორაციის მსგავსად უნდა იმართებოდეს და მას, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ყველაზე მეტად შეეფერება ასეთი როლი. სანამ ილონ მასკი ცდილობს ამერიკული ბიუროკრატია უფრო ეფექტური გახადოს, მისი საკუთარი ბიზნესი “ქარიშხალში” არის მოხვედრილი.
დონალდ ტრამპმა მასკის კომპანიის პროდუქციის თეთრი სახლის წინ გაზონზე რეკლამირება მოახდინა და ერთი მანქანაც კი შეიძინა. მაგრამ ამ სარეკლამო ღონისძიებამ ვერ შეაჩერა Tesla-ს აქციების დაცემა. ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰოვარდ ლუტნიკმა თავის ინტერვიუში ამერიკელებს მოუწოდა იყიდონ Tesla-ს აქციები. მაგრამ აქციების ვარდნა გრძელდება.
პოლიტიკის პირდაპირი გავლენა ილონ მასკის ბიზნესზე აშკარაა გერმანიაში. Tesla-ს მანქანების გაყიდვები 76%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც მასკმა სცადა ჩარეულიყო გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირა რადიკალურ მემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. კანადაში, რომელიც დონალდ ტრამპს სურს გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი, მომიტინგეები საღებავს ასხამენ Tesla-ს გაყიდვების ოფისებს. Tesla-ს არ მიეცა მონაწილეობის უფლება კანადის ქალაქ ვანკუვერის უდიდეს ავტომობილების გამოფენაში “უსაფრთხოების მიზეზების გამო”. მასკის პოლიტიკური საქმიანობით აღშფოთებული აქტივისტების მიერ Tesla-ს მანქანების დაწვა და ვანდალიზმი მთელ მსოფლიოში ხდება.
ილონ მასკმა აქციონერთა კრებაზე თავისი კომპანიის აქციების დაცემას “ოდნავ ცუდი ამინდი” უწოდა და თქვა, რომ გაკვირვებული იყო Tesla-ს მანქანების წინააღმდეგ მემარცხენეების ვანდალიზმით. ამით მასკმა აღიარა, რომ მისი კომპანიის პრობლემები პოლიტიკური ხასიათისაა.
შეშფოთებული აქციონერები ილონ მასკს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის არჩევანის გაკეთებას ითხოვენ. ან მან უნდა დანიშნოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი Tesla-სთვის და ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკაზე, ან უნდა დატოვოს პოლიტიკა და დაუბრუნდეს თავისი ბიზნესის მართვას.
რა არჩევანს გააკეთებს ილონ მასკი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირის პრობლემებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკაზე. თანამდებობის პირების რადიკალური გათავისუფლება, სატარიფო ომი აშშ-ს მოკავშირეებთან, ევროპაში მემარჯვენე რადიკალური პარტიების მხარდაჭერა – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამ და სხვა ქმედებებს ამერიკის პრეზიდენტის ოპონენტები უკავშირებენ მასზე ილონ მასკის გავლენას. თუ ილონ მასკი, თავისი კომპანიის პრობლემების გამო, შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ დონალდ ტრამპს მოუწევს სხვა ნაკლებად რადიკალური მრჩეველის ძებნა.
ტრამპი ცნობილია იმით, რომ ადვილად ცვლის ჩინოსნებს თავის ადმინისტრაციაში, თუ თვლის, რომ ისინი არაეფექტურია და აზიანებენ მის იმიჯს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის რეიტინგი კლებულობს და მისი რადიკალური რეფორმებისადმი წინააღმდეგობა იზრდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ილონ მასკი მალე დაუბრუნდება თავისი ბიზნესის მართვას. მასკს სურდა ამერიკის „გადარჩენა“ არაეფექტური ბიუროკრატიისგან, მაგრამ ახლა საკუთარი კომპანია გაკოტრების საფრთხისგან უნდა გადაარჩინოს.
ავთანდილ წულაძე
პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი