ილია დარჩიაშვილი დანიელ კოლეგას შეხვდა

82
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

„განიხილეს  ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელიც ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად,  ქვეყანა დეკემბერში უკვე ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოს, ისე როგორც აქამდე, ექნება დანიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს.

„ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ბოლო დროს გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. კმაყოფილებით აღინიშნა ლარს ლოკე რასმუსენის თბილისში ვიზიტი და დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობისა და რეგიონში დანიის სამეფოს გააქტიურებული როლის კიდევ ერთი დასტურია.

ხაზი გაესვა, ერთი მხრივ, დანიის სამეფოს მიერ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების  მხარდაჭერის მნიშვნელობას, მეორე მხრივ კი აღინიშნა, რომ საქართველო დანიის სამეფოს მტკიცე პარტნიორია რეგიონში.

მხარეებმა აღნიშნეს რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის და ამასთან მიესალმნენ „პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ილია დარჩიაშვილის დანიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ნორდიკული ფორმატის ფარგლებში, რომელიც რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ ასპარეზს იძლევა.