რუსეთის გაზეთ „მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) სათაურით „ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ კონსტანტინე ზატულინთან – სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, რომელიც იგი ვრცლად საუბრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გატარებული ანტირუსული კურსის მიზეზებზე და იმ პერსპექტიულ მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდეს (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და ჯაშუშომანიის ბნელ ეპოქაში შევიდა. სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, გახსნილია შეთქმულება მთავრობის დამხობის – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, რომელშიც, ოპოზიციური პოლიტიკოსების და ექს-პრეზიდენტების – რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქისიანის გარდა, თითქოსდა ეკლესიის იერარქები და მსხვილი ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ. საქმე მივიდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციის შტურმამდე ეჩმიაძინში, სადაც შეთქმულებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არქიეპისკოპოსი იმყოფებოდა. რისთვის უნდა ეს ნიკოლ ფაშინიანს?
– ნიკოლ ფაშინიანმა იგრძნო, რომ ის გზა, რომლითაც მას სომხეთი და სომეხი ხალხი მიჰყავს, სინამდვილეში ჩიხში შემყვან გზას წარმოადგენს და ახალ მსხვერპლს ითხოვს. პრემიერი კარგად ხვდება: იმის გამო, რომ მან სომეხ ხალხს „ტვინი გადაუტრიალა“ და თურქეთთან თანამშრომლობასა და რუსეთთან მტრობას უნერგავს, ამისათვის ძალიან მაღალი ფასია გადასახდელი და ეს ფასი სულ უფრო მატულობს. მიზნების მისაღწევად აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების გაწირვა, აუცილებელია უარი ითქვას სომხეთის გმირულ ისტორიაზე და სომეხთა გენოციდის ხსოვნაზე. ნიკოლ ფაშიანიანის ამბიციებს მსხვერპლად ეწირება ტრადიციული რელიგიური რწმენა – ხალხმა პატივი აღარ უნდა სცეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.
ნიკოლ ფაშინიანის აზრით, ეს ყველაფერი აუცილებელია სომეხი ხალხი გამოსახსნელად ძველი წარმოდგენების ტყვეობისაგან – რომ სომეხმა სიკეთე და ბოროტება ვეღარ განასხვაოს და რომ სომხეთი რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაიყვანოს.
ნიკოლ ფაშინიანს აკვიატებული, მანიაკალური იდეა აქვს, რომ მას ყოველთვის დევნიან და მის წინააღმდეგ რათაც შეთქმულებებს აწყობენ, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: ადამიანმა, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა სომეხ ხალხს, არ შეიძლება რომ თავის მომავალზე არ ფიქრობდეს. ამიტომაც, თავისი სამომავლო ცუდი მდგომარეობა რომ თავიდან აიცილოს, იგი პრევენციულ დარტყმებს იმათ, ვისაც თავის მტრებად თვლის და ვინც რუსეთში თანადგომით სარგებლობს. ნიკოლ ფაშინიანისთვის რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის დამნაშავეა.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ოპონენტები რუსეთის მარიონეტები არიან. დღემდე იგი მარიონეტებად თვლიდა ექს-პრეზიდენტებს რობერტ ქოჩარიანს და სერჟ სარქისიანს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეკლესიის მხარეზე გადავიდა მისი (ანუ ფაშინიანის) ყოფილი პატრონი, ექს-პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი (რომელიც კათოლიკოს გარეგინ II-ს შეხვდა და მისი პოზიცია დაიცვა), ისიც მარიონეტად შერაცხა. პრემიერი არ აკონკრეტებს, ვისი მარიონეტები არიან სამივე ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ ისედაც გასაგებია – რუსეთის. თუმცა ლევონ ტერ-პეტროსიანი რომ რუსეთის აგენტად შერაცხოს, ადამიანს ძალიან მაგარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს. სიმართლე კი ასეთია: ნიკოლ ფაშინიანს მომავალი წლის ივნისის არჩევნებში სავარძლის შენარჩუნება სურს და ყველაფერს ამის გამო აკეთებს. (…)
– თქვენი აზრით, სომხეთში მართლაც შეიმჩნევა რუსეთით – როგორც სტრატეგიული მოკავშირის სახით – იმედგაცრუება თუ ეს მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის პროვოკაციებია?
– სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის დროს და მის შემდეგაც ჩვენ სომხებს არაერთხელ ავუხსენით, რომ რუსებს არ შეუძლიათ სომხებზე მეტი სომხები იყვნენ. მუდამ ვეუბნებოდით, რომ თქვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, თქვენი – სომეხი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრებისაგან არის დამტკიცებული, ამიტომ რაც ახლა თქვენთან ხდება და რაც მოხდება, ეს თქვენი არჩევანის შედეგია და მოცემულობად უნდა მიიღოთ.
დიახ, რუსეთი ყოველთვის მაშველ ხელს უწვდიდა უბედურებაში ჩავარდნილ სომეხ ხალხს და, ბუნებრივია, ისინიც რუსეთის იმედზე იყვნენ. მაგრამ სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის მთავრობის მომხრეებსაც სურდათ, რომ რუსეთი, რომელსაც ამჟამად უკრაინასთან კონფლიქტი აქვს, დამატებით კავკასიის მორევშიც ყოფილიყო ჩართული, რაც მოსკოვს ამჟამად არ სურს. ნიკოლ ფაშინიანმა მოხერხებულად ისარგებლა სიტუაციით და ყველაფერი რუსეთს დააბრალა – მარცხი ყარაბაღში 2020 და 2023 წლებში. მან ომი წააგო და ყარაბაღელ ლტოლვილებს მისი დანახვაც არ უნდათ. პრემიერ-მინისტრმაც, თავის მხრივ, კარგად იცის ყარაბაღელი სომხების პოზიცია და ამიტომ ისინი მას სძულს. ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს მომენტით და თავის მარცხს რუსეთს აბრალებს – კრემლმა სომხეთის მიმართ სამოკავშირეო ვალდებულება არ შეასრულაო. თუმცა, ალბათ, ღირს, რომ ჩვენ მას ვკითხოთ: თქვენ თვითონ რატომ არ იომეთ თქვენივე თანამემამულეების დასაცავად?
– გასაგებია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა უარესდება, მაგრამ ამ გაუარესების ფონზე აზერბაიჯანთან ურთიერთობა ლოგიკურად უნდა გაუმჯობესებულიყო… რატომ არ მოხდა ასე? დღეს მოსკოვისა და ბაქოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაც უკან-უკან მიდის…
– ჩვენ ბაქოს ისე აღარ ვჭირდებით, როგორც მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრამდე ვჭირდებოდით. დღეს აზერბაიჯანი რუსეთს ეჭვის თვალით უყურებს. ბაქომ ჯერ კიდევ შარშან, ავიაკატასტროფის დროს გამოავლინა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. ახლა ეკატერინბურგში მომხდარი ამბებით გაგრძელდა.
აზერბაიჯანის ასეთ კურსს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.
ობიექტური იმაში გამოიხატება, რომ დღეს ბაქოს აღარ სჭირდება რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა, მაგრამ სამაგიეროდ სჭირდება ისრაელთან, თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან. ცხადია, ბაქოსთვის კარგია მოგება მიიღოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით, მაგრამ დღეს ეს მისთვის მეორადია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ ილჰამ ალიევი, რატომ ძმაკაცობს იგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რატომ ლაპარაკობს ყველგან უკრაინის მხარდაჭერაზე. სამწუხაროდ, ჩვენთან ამის შემჩნევა არ სურთ. ახლაც, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მიდის ფინალური კონსულტაციები იმაზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ არა მოსკოვში, არამედ სადღაც დასავლეთში, ვთქვათ, ვაშინგტონში – თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთად, რათა იგი კიდევ ერთხელ გახდეს მშვიდობისმყოფელი [ისე, როგორც კონგოსა და რუანდას შორის] და როგორმე საბოლოოდ ნობელის პრემია მიიღოს.
სუბიექტური მიზეზები თვითონ ილჰამ ალიევის პიროვნებაშია. მამამისი ჰეიდარ ალიევი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო, დაბრძენებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილებით. ილჰამ ალიევი კი, სანამ კრონპრინცი იყო, ანუ მამის სიცოცხლეში, განებივრებულად იქცეოდა. ახლა კი იგი არამხოლოდ პრეზიდენტია, არამედ გამარჯვებული პიროვნება, რომელიც ეიფორიისაგან „იბერება“ და, როგორც ვფიქრობ, ძალიან შორს შედის რუსეთთან ურთიერთობებში, ვიდრე მას აქვს უფლება. ილჰამ ალიევს შეეძლო ყველაფერი ძველებურად ეკეთებინა, ძველებურად დაყრდნობოდა თავის მეგობრებს ჩვენს ხელისუფლებაში და მასმედიაში და იმავდროულად მოსკოვთან დამოკიდებულება არ გაემწვავებინა. კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამჟამინდელი ქცევა რუსეთის ხელმძღვანელობაში გაკვირვებას იწვევს: მათი თქმით, გასაგებია, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს და მოგვარებას მოითხოვს, მაგრამ გაუგებარია ის, თუ რატომ მოქმედებს ილჰამ ალიევი ასე გამომწვევად.
მე კი ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. ილჰამ ალიევი ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი აღმოსავლელია, თავისი ქცევებითა და აზროვნებით. ილჰამ ალიევს არ ერიდება ფეხით შედგეს სომხეთის დროშაზე და დაპყრობილ სტეპანაკერტში, ახლა კი ხანკენდში სომხების მიერ აშენებული სახლები დაანგრიოს. იგი ფაშინიანის თანამოაზრედ გამოდის, როცა ამტკიცებს, რომ ყარაბაღში ათასი წლის წინ არანაირი სომხური ეკლესიები არ ყოფილა, არამედ იყო მხოლოდ „ალბანური“ და რომ ყარაბაღის უძველესი მონასტრები – განძასარი, ამარასი, დადივანქი – ალბანურ ძეგლებს წარმოადგენს.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა უცებ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს – კრემლი იტალიური კულტურის ძეგლიაო.. მოვა და იტყვის – ეს თქვენი კი არა ჩვენია. განა ასეთი იდეებით იქნება მიღწეული ნამდვილი მშვიდობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის?
რა თქმა უნდა, არა. და თუ მაინც დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ასეთი „მშვიდობა“ სომხეთის დამცირების ხარჯზე იქნება „მიღწეული“. დღეს ნიკოლ ფაშინიანი სწორედ ამ გზით მიდის. აბა, დაფიქრდით: სომხურ ეკლესიასთან და ცნობილ ბიზნესმენ კარაპეტიანთან მისი დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა იგი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, თურქეთში წავიდა, პირველად მრავალი ათეული წლის განმავლობაში. იმ თურქეთში, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზებას და რომლის შესახებაც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს: „რა მშვენიერი იქნება, როცა სომხეთი „მსოფლიოს გზაჯვარედინი“ გახდება“. (…)
თუ ფაშინიანი თანამდებობას დიდხანს შეინარჩუნებს, სომხეთი ჩვეულებრივ ახლოაღმოსავლურ ქვეყანას დაემსგავსება, რომელსაც არც თავისი ისტორია და არც თავისი ფესვები არ ემახსოვრება. არადა, სომხეთი [ევრაზიის კონტინენტზე] პირველ ქრისტიანულ სახელმწიფოს წარმოადგენს: 301 წელს, ბიზანტიაზე და საქართველოზე ბევრად ადრე, სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აი, ამიტომაც ამბობს ნიკოლ ფაშინიანი, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია „ბიზანტიის იმპერიის დროინდელი უცხოური აგენტიაო“. და ამას აცხადებს პრემიერ-მინისტრი იმ ეკლესიის მიმართ, რომელმაც სომეხ ხალხს მისი იდენტურობა შეუნარჩუნა ასობით წლის განმავლობაში, როცა სომხური სახელმწიფო არ არსებობდა. (…)
– თქვენი პროგნოზი მოვლენების განვითარების შესახებ: შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას?
– მას უკვე აღარ შეუძლია ქუჩაში ხალხის დიდი რაოდენობით გამოყვანა მხარდაჭერის მიზნით. დიახ, ჩვენთან ბევრი ამბობს [სათათბიროშიც და მთავრობაშიც], რომ „ნიკოლ ფაშინიანი ასეთი და ისეთია, მაგრამ მან მაინც ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში, თანაც ომში წაგების შემდეგ“. დიახ, გაიმარჯვა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. ახლა მას მთელი იმედი ძალოვანების მხარდაჭერაზე, დასავლეთის დახმარებაზე აქვს. მას ასევე იმედი აქვს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაეხმარება.
მე არ ვფიქრობ, რომ სომხეთში უცებ მოხდება „აფეთქება“ და ხალხი ქუჩაში გამოვა. მაგრამ როგორი სიტუაცია იქნება ერთი წლის შემდეგ, ივნისის არჩევნების დროს? ნიკოლ ფაშინიანმა ყველა ადრინდელი ლიდერი გადაიმტერა – ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. ამ ადამიანებთან შედარებით იგი საკუთარ თავს სომხებისათვის „ყველაზე ნაკლებ ბოროტებად“ მიიჩნევს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნიკოლ ფაშინიანმა სამველ კარაპეტიანის – რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერის – პოლიტიზება მოახდინა. ამჟამად იგი გამოგონილი ბრალდებით ორი თვით არის წინასწარ დაპატიმრებული, მაგრამ ფაშინიანი ამ ვადას გაუგრძელებს. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანები ციხიდან უკვე პრეზიდენტობის კანდიდატებად გამოდიან. სამველ კარაპეტიანს სომხეთში პოლიტიკური გეგმები არასოდეს არ ჰქონია, მაგრამ ახლა იგი ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი ხდება. ფაშინიანს ძალიან გაუჭირდება, რომ კარაპეტიანს რაიმე ისეთი პრეტენზიები წაუყენოს, როგორსაც იგი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს უყენებს. (…).
თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ ყარაბაღის პრობლემა ელვისებურად გადაიჭრა სამხედრო გზით? მოლაპარაკება წლობით მიდიოდა, რუსეთი და დასავლეთი მშვიდობიანად მოგვარების გზას კვალავდნენ და უეცრად…
დიახ, არცერთი კონფლიქტის მოგვარებაში ისე მჭიდროდ არ ვთანამშრომლობდით დასავლეთთან, როგორც ამას ყარაბაღის საკითხში ვაკეთებდით. მინსკის ჯგუფის საერთო ფორმულა ასეთი იყო: ჩვენც, ფრანგებიც და ამერიკელებიც, ვთვლიდით, რომ ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ დაკავებული 5 რაიონი აზერბაიჯანს აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა. რაც შეეხებოდა საკუთრივ მთიან ყარაბაღს, თავისი საბჭოური დროის საზღვრებით, მისი ბედი რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო. რადგანაც მოსახლეობა დაახლოებით 75% სომეხი, ხოლო 25% აზერბაიჯანელი, იყო, ბუნებრივია, დადასტურდებოდა ყარაბაღელთა სურვილი თვითგამორკვევაზე. მაგრამ როცა უკვე ყველაფერი ტექსტში თითქმის შეთანხმებული იყო და ყაზანში ყველა დოკუმენტის ხელმოსაწერად შეიკრიბა, ილჰამ ალიევმა უცებ თქვა, რომ მას აქვს 11 პრეტენზია ხელშეკრულების ტექსტის მიმართ. ეს იყო „მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“.
– რატომ წამოაყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს პრეტენზიები?
– იმიტომ, რომ მასთან თურქებმა იმუშავეს და იმათაც, ვინც აზერბაიჯანში ამ ხაზს ატარებდა, უპირველესად კი ილჰამ ალიევის ცოლის მეჰრიბან-ხანუმის ოჯახის წევრები – ფაშაევები. როგორც ამბობენ, მათ პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს: „ძვირფასო ილჰამ, თუ შენ ახლა ამ შეთანხმებას ხელს მოაწერ, მხედველობაში იქონიე, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მტერი გახდები. ეს დოკუმენტი ყარაბაღს კი არა, ხელისუფლებას დაგაკარგვინებს“.
ასეთია ვერსია. ყაზანში მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ბაქომ ფსონი სამხედრო რევანშზე გააკეთა, რომელსაც თურქეთი მხარს უჭერდა და აქეზებდა. მათ შეარჩიეს ისეთი დრო – 2020 წელი, როცა ჩვენ უკრაინასთან დაძაბული მდგომარეობა გვქონდა. ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ყირიმ-დონბასის გამო ფეთქებადსაშიში სიტუაცია იყო. ყველა ხვდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი გამარჯვებით 1994 წლის მარცხი გადაფარა და აზერბაიჯანში პატრიოტული ტალღა გამოიწვია. (…)
– [როგორია ნიკოლ ფაშინიანის როლი ყარაბაღის ომის წაგებაში?]
– პრემიერ-მინისტრს ყარაბაღი არ ჭირდებოდა და იგი არც ყარაბაღელებს არ მოსწონდათ. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევმა ყარაბაღის გარშემო ხუთი ოკუპირებული რეგიონის დაბრუნებისათვის სარგებელი შესთავაზა, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს საკითხი სერჟ სარგისიანის მმრთველობის დროსაც იხილებოდა, მაგრამ მაშინ სომხებმა ფულის აღებაზე უარი განაცხადეს, მით უმეტეს, რომ გარანტირებული არ იყო თვითონ მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევა.
ჩვენ, რუსები, როგორც ვიცი, იმ დროს უკმაყოფილო ვიყავით სომხების უარით და ვთვლიდით, რომ აზერბაიჯანის შეთავაზება ღირსეული იყო – ანუ ისე, როგორც კატა ლეოპოლდი იქცეოდა, რომელსაც უნდოდა, რომ ყველას მეგობრულად ეცხოვრა.
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ის ფული აიღო, მაგრამ მას არ შეეძლო ის ხუთი რაიონი და მით უმეტეს, მთლიანად ყარაბაღი ისე დაეთმო, რომ მცირე ბრძოლა მაინც არ გამართულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყარაბაღი (ანუ სომხეთი) ომში დამარცხებულიყო. იგი თავს აჩვენებდა როგორც შეუპოვარი გმირი (იყო მომენტი, როცა შუშის დათმობის წინ, პუტინმა უთხრა, ბრძოლა შეწყვიტეო, მაგრამ მან უარით უპასუხა). მე ხელში უწყისი არ მაქვს ფულის მიღებაზე ფაშინიანის ხელმოწერით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. ამრიგად, საკუთარი ინტერესებისათვის პრემიერ-მინისტრი სწორად მოიქცა – მან თავიდან მოიცილა პრობლემური რეგიონი და დასავლეთის მეგობარი გახდა. გარდა ამისა, არაოფიციალურად უზრუნველყო საკუთარი თავისთვის თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა. დიახ, იგი ამ თვალსაზრისით მართლად მაგარი კაცია.
ჩვენ კი სად ვიყავით ამ დროს? რატომ არ გავაფრთხილეთ მკაცრად ილჰამ ალიევი, რომ მოსკოვი ძალისმიერ გადაწყვეტას ვერ მოითმენს? ჩვენ გვეგონა, რომ რაღაც პატარა შეტაკება იქნება, რომლის შემდეგ აზერბაიჯანი შეპირებულ ხუთ რაიონს მიიღებს, ანუ ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. თავიდან თითქოსდა მართლაც ასე ვითარდებოდა პროცესები. რუსეთმა შეძლო თავისი სამშვიდობო ძალების განლაგება. მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო შორს წავიდნენ და მეტი მოინდომეს. როგორც აღმოჩნდა, თუ თურქებს და აზერბაიჯანელებს თითს გაუწოდებ, ისინი ხელს მოგაჭამენ. (…)
მოამზადა სიმონ კილაძემ