იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

0
spot_img
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ჩამოიტანს.
“ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.
მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.