“იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო”-პრეზიდენტი

139
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში.

„ეს ბრიფინგი მიეძღვნება რუსეთში არსებულ მოვლენებს, თუმცა მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო შიდა მოვლენებზე. მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვეხება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე.

გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი, ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს.

ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიო ყურადღება მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ.

ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც  განხილული უნდა იყოს ამ ფორმატში.

დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორეა – სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რადგან საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება. არ უნდა შეიქმნას უსაფუძვლო შიშები, რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციის ვაკუუმია და ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება.

ასევე, უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.