,,იარაღს ვერსად დავტოვებდი, ტანზე უნდა მქონდეს”-ზურაბ ჯაფარიძე

3
spot_img

იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი როდის და როგორ გამოვიყენო, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის როგორც პოლიტიკოსი, ყველა აქციაში მონაწილეობს.

მან ასევე იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იარაღს ის წლებია ატარებს და იმის ფონზე, რომ მისი პარტიის წევრებს რკინის ხელკეტებით, ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე მასაც ჩაუსაფრდნენ, იარაღი მისთვის თავდაცვის საშუალებაა.

„იარაღს ვატარებ წლებია… გამოძიება არც ერთ შემთხვევაზე არ მომხდარა და არავინ დაუკავებიათ. იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი როდის და როგორ გამოვიყენო მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა. იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ამის დარღვევა მომიწევს, რადგან ოჯახის და თავის დაცვა მომიწევს.

იარაღის ტარების უფლება მაქვს, რამდენიმე იარაღი მაქვს… ხან აქციაზე ვიყავი, ხან ოფისში, ხან ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი, იარაღს ვერსად დავტოვებდი, ტანზე უნდა მქონდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქციაზე იარაღით იმყოფებოდა. უწყება ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.