„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებული მასალა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა გამოიყენეს ნეგატიური პიარისთვის” – მამუკა მდინარაძე

18
spot_img

გუშინ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა გამოიყენეს ნეგატიური პიარისთვის, არადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გუშინვე თქვა, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს, გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აღნიშნულ თემაზე საუბარი, ბოროტებაა, რადგან თავის დროზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა.

„შემთხვევითი ვერანაირად ვერ იქნება ის ამბავი, რომ წარსულში ამერიკის საელჩოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მომუშავე ადამიანი გახდა ინტერესის ობიექტი და გუშინ რაღაც ჟურნალისტური გამოძიებებიც დაგვეწია, რომ დიპლომატის მეუღლეს წამლავდნენ რუსები საქართველოში. შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ეს ამბავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ. ბოლო პერიოდში თუ რამე კვლევა და შეფასება გავრცელდა ქართულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, ყველა სიტყვა არის საქებარი და აღიარება. ყველა სიტყვა არის უსაფრთხოების გარანტად წარმოჩენა. უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მსოფლიოში პირველების რიგში საქართველო და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები. ქართული სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ, რომ პირველების რიგში ვიყოთ მსოფლიოში. რაღაც ხომ სჭირდებოდათ და მაინცდამაინც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ვინც იყო, ამ ადამიანთან დაკავშირებით გამოაგდეს რაღაც. შემოვიდა გარედან ინფორმაცია და კაციშვილმა არ გადაამოწმა არც პროკურატურაში, არც ამერიკის საელჩოში. ელემენტარულად, ეჭვიც რომ ყოფილიყო ცოტა სერიოზული, გამოძიება ხომ დაიწყებოდა. კაცმა არ იკითხა გამოძიება დაიწყო თუ არა“, – განაცხადა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამაც კი თქვა გუშინ, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს.

„არ ვიცი, ეს რაიმე შემხებლობაში შეიძლება თუ არა, იყოს, მაგრამ ფაქტი მინდა, აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს გასამართლებულია ოჯახის წევრი მისი, ვის მოწამვლაზეც საუბრობენ რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში. სწორად არის თუ არა გასამართლებული, ვერ ვიტყვით. ვინც გუშინ უტევდა უსაფრთხოების სამსახურს, მათ დროს არის მისი მამა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაზე გასამართლებული. ისეთი ჩახლართული ამბავია და ისეთი ბოროტებაა, მეტი არ შეიძლება. ის ადამიანი მუშაობდა აშშ-ის საელჩოში. იყო მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე დიპლომატი. მაშინ გამოძიებაც არ არის დაწყებული. რაც მე ინფორმაცია მაქვს, ორ თუ სამ ადამიანს თავი ასტიკვდათ და იეჭვეს რაღაცაზე. გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა, მე რა ინფორმაციაც მაქვს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ თქვა გუშინ, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს. ქართულ სპეცსამსახურებს დაარტყა მაშინ, როცა ისინი უზრუნველყოფენ მსოფლიოში პირველებს შორის ვიყოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი სიბინძურეა“, – განაცხადა მდინარაძემ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა: „აშშ-ის დაზვერვას არ გაუკეთებია დასკვნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს კავშირი აქვთ „ჰავანის სინდრომთან“.

შეგახსენებთ, „ინსაიდერის“, „სიბიესის“ და „შპიგელის“ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „ჰავანის სინდრომთან“ რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დაადგინეს. „ჰავანის სინდრომი“ ჯერჯერობით ამოუხსნელი მიზეზის მქონე ჯანმრთელობის დაზიანებაა, რომელიც ხასიათდება თავბრუსხვევით, გულისრევით, თავის ტკივილით და სმენასთან დაკავშირებული პრობლემებით. ამ სინდრომზე, წლებია, საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ის პირველად 2016 წელს კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა.