სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ, – ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონია და ეს პირდაპირ ეთერში ყველამ ნახა.
„სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით.
სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს [მაგისტრალი]. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა ორი დღით ადრე კრიმინალიზებული ქმედებისთვის ადამიანს იჭერდე და ბრალს უყენებდე. ეს მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ. ჩვენ ვართ მომსწრე კანონით დევნის, კანონით ძალადობის ადამიანებზე. ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ ძალადობას, ადამიანების დამცირების მცდელობას პოლიციელების მხრიდან და თვალს ვადევნებთ სამართლებრივ ძალადობას ე.წ. ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.