“გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი” – ჩინეთის ელჩის გზავნილები საქართველოში

118
spot_img

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“ – ამ სახელწოდებით თბილისში ჩინეთის საელჩოს, სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი ჩინეთ-საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა იმსჯელეს ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების ახალ გზებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი როლი უკავია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შუა დერეფნის განვითარებას, საქართველოს კი ამ მხრივ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ჩინეთის ელჩმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ასევე,  მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩინეთსა და ევროპას შორის ლოჯისტიკური ურთიერთობების გამყარებაში.

“ლოჯისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისთვის, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოჯისტიკისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, მხოლოდ ჩრდილოეთის ხაზი.

ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, შუა დერეფანი, შესაძლოა, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ეხება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის მეათე წლისთავს, ჩინეთის მოდერნიზაციას და ახალ შესაძლებლობებს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში.

„ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ გამოაქვეყნეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ჭოუ ციენმა განმარტა, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

ელჩმა განაცხადა რომ, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ტექსტის შესახებ „ზოგიერთებს“ საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„ზოგიერთებს მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორი ქვეყნის მთავრობას შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებაშია გამეორებული. 

იყო კითხვები, თუ რატომ შეუერთდა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“. იმიტომ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება გაეროს ქარტიისა და პრინციპების პატივისცემას. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩინეთის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. და ამიტომაც დაუჭირა მას საქართველომ მხარი. ასე რომ, ხალხს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების ტექსტში აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ნახსენები არ არის, მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ჩინეთი აღიარებს თუ არა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, განაცხადა: „ჩინეთი ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისე, როგორც ამას გაერო აღიარებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, – ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, – რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, – ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას.