რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შემოტანა საკითხში, არ არის არგუმენტირებული, არ არის მიზანშეწონილი და საერთოდ, კონტექსტში არ არსებობს, ვინაიდან, ჩვენ არც გაგვიგზავნია, – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც ნამდვილი დიალოგი უნდა, მოვიდეს და ამ საკითხებზე, ნამდვილ მაგიდასთან, ნამდვილი არგუმენტებით ისაუბროს და ისე მოხდეს აზრის გაცვლა-გამოცვლა.
„ზოგადად, ვენეციის კომისიას რაც შეეხება, ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიისგან ერთი და იგივე საკითხებთან დაკავშირებით არათუ განსხვავებული, არამედ, ერთმანეთის გამომრიცხავი გადაწყვეტილებები და ასეთი, როგორც წესი, არაერთხელ ყოფილა. ძალიან მარტივი მაგალითი რომ გავიხსენო კენჭისყრასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების ინიციატივასთან იყო ეს საკითხი, ვთქვათ როდესაც ინიციატივაში, გაგზავნილ პროექტში ეწერა, რომ კენჭისყრა უნდა ყოფილიყო დახურული, შენიშვნა იყო, რომ არა, ღია უნდა იყოს კენჭისყრა. როდესაც იყო გაგზავნილი კანონის რედაქცია, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, რომ ღია კენჭისყრაა, იქ დახურულზე გააკეთეს აქცენტი. ანუ, რაც ეწერა ყოველ ჯერზე, იმის საპირისპირო გააკეთეს, რითაც ერთმანეთის გამომრიცხავი პოსტულატები გააჩინეს დასკვნებში და მე ვფიქრობ, რომ ეს, ზოგადად, არასერიოზული მიდგომა იყო მათი მხრიდან, ვინაიდან იგივე ღია კენჭისყრა და დახურული კენჭისყრის ფორმებიც, ორივე დემოკრატიული ფორმებია და ამის საწინააღმდეგო არ შეიძლება ვინმეს რამე გააჩნდეს და შესაბამისად, ასეთ დონეზე ჩასვლა და ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებების გაკეთება მინიმუმ უხერხულია.
ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო. ეს არის ძირითადად სამართლებრივი შეფასების მიმართულებით საინტერესო.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ დიალოგზე, ნამდვილი დიალოგი იმართება პოლიტიკურ აქტორებს შორის და ეს არის მნიშვნელოვანი, ცალსახა და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ზუსტად.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შემოტანა საკითხში, არ არის არგუმენტირებული, არ არის მიზანშეწონილი და საერთოდ, კონტექსტში არ არსებობს, ვინაიდან, ჩვენ არც გაგვიგზავნია და გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი ინტერესის სფეროს ჩემთვის არც წარმოადგენს ამის მიმართულებით ვენეციის კომისია საერთოდ რას იტყვის, ვინაიდან ეს ცხადია ჩვენი ინიციატივა არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც ზუსტად ეს ნამდვილი დიალოგი უნდა, მოვიდეს ჩვენთან და ამ საკითხებზე, ნამდვილ მაგიდასთან, ნამდვილი არგუმენტებით გვესაუბროს და ისე მოხდეს აზრის გაცვლა-გამოცვლა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.