გვაბრალებდნენ სააკაშვილის წამებას, სანქციების გვერდის ავლას, ბოდიშიც არ მოიხადეს, ახლა გადაგვკიდებენ ერთმანეთს, მერე ხელებს დაიბანენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ ქვეყანაში არეულობაა – შალვა პაპუაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებზე

22
spot_img

თუკი ვინმე თენგოსა და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის ამ თუ სხვა ქვეყანაში, მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს. გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისივე თქმით, ვიღაცას არ მოეწონა, ქართველი ხალხის არჩევანი და „ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ ის, ვინც უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს“.

„მაგრამ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს უნდა მიყვნენ. ბოლო პერიოდში ვნახეთ უკვე კომიკურ დონეზე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპტვინებთან, ტოპ აიტისპეციალისტებთან ერთად ტოპანალიზს აკეთებს. ეს ხომ სირცხვილია უკვე და ამ ხალხის იმედად არიან მათ შორის ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ადრეც გაუკეთებიათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბრალდებებიც და აღნიშნა, რომ იმ ტყუილისთვის ბოდიშიც არავის მოუხდია.

„გვახსოვს უცხოელი მინისტრების, პრეზიდენტების განცხადებები, ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება, როგორც დღეს ხან სამი მინისტრი, ხან 13, ხან პრეზიდენტი და ხან ვინ რომ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს, ქართველ ხალხს, თითქოს რაღაც წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს, გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს. ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან. ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან. რა როგორ მოხდება, კაციშვილმა არ იცის. მერე ხელებს დაიბანენ, შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობაა. ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მათი ქმედებით არის. ასე რომ, თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის ამ თუ სხვა ქვეყანაში, ეს მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს. გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერც იმ მილიონ 120 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.