გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ -კახა კალაძე ეუთო/ოდირზე

5
spot_img

გულწრფელად ვამბობ, მესმის ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილების, ეშინიათ, რომ კიდევ ბულინგის, ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს: „ეუთო/ოდირ-მა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში დაკვირვებაზე დროის სიმცირის გამო უთხრა უარი, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მისია მიემგზავრება ჩეხეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად. ოდირ-მა ჩეხებისგან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო, არჩევნები კი 3 ოქტომბერს იმართება. როგორ შეფასებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?“

კალაძის შეფასებით, ეუთო/ოდირ-ის მხრიდან მისიის გამოგზავნაზე უარის თქმის მიზეზად არასაკმარისი დროის დასახელება აბსურდულია.

„ძალიან დიდი აბსურდი, ჩვეულებრივი სისულელე იყო, რა განმარტებაც მოვისმინეთ. თქვენ კარგი მაგალითი მოიყვანეთ, 2008 წელს, ყველას გვახსოვს, უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. გულწრფელად ვამბობ, მათიც მესმის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ არ ჩამოვიდოდნენ. რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, გამოაქვეყნეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ქართველ ხალხს ჰქონდა ნება და შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი. ყველას გვახსოვს, როგორ დაესხნენ თავს, როგორ გადაუარეს და აბულინგებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც. გახსოვთ, ეუთო/ოდირ-ის დასკვნასთან დაკავშირებით რა განცხადებებიც კეთდებოდა ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირების მხრიდან. ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის, ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.