,,გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ კროსის შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა” – მარიამ ქვრივიშვილი

5
spot_img

დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მისი შეფასებით, ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის.

„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრია, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სნოუბორდ კროსში გამარჯვებული სპორტსმენები – იაკობ დუშეკი (ავსტრია), ადამ ლამბერტი (ავსტრალია) და ელიოტ გრონდინი (კანადა) დააჯილდოვა. სულ მსოფლიო თასის ეტაპზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, უნგრეთი, იაპონია და სხვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ეგიდით მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის სექტორზე, ასევე სამთო კურორტების პოპულარიზებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.