იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ პრევენციულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.
„თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი – 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში – 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით. როდესაც შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს 100 ათას მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა ეს ციფრი 180-190-ია. დეკემბერ-იანვარში სწორედ ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გრიპის მხრივ აქტიურობა, შენარჩუნდება.
როდესაც პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ყველაზე ეფექტური არის ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ნოემბრის პირველი ნახევარი. ეს არის ის დრო, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინაცია გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს. ვისაც ახლა აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, შესაძლებელია, თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 10 დღე მაინც იყოთ იზოლირებული, გქონდეთ ნაკლები კონტაქტი, მხოლოდ ნიღბით უნდა გადაადგილდებოდეთ.
დანარჩენი რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება. თუ სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, მისი განიავებაც მნიშვნელოვანია, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის შემთხვევაში ერთი მეტრი დისტანცია საკმარისია იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი, სამართალდამცავები და ა.შ. ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა.
დანარჩენი მართვა ძირითადად ორ რეკომენდაციას ეფუძნება – მაღალი სიცხის შემთხვევაში, 38 ნახევარი და მეტი სიცხის დამწევის მიცემა და სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, მიაღწია თუ არა ვირუსმა გავრცელების პიკს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „ყველაზე მეტი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეობაზე ინფიცირების მხრივ კალენდარული წლის 50-ე კვირას იყო“.
„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პიკი ჯერჯერობით რამდენიმე კვირის წინ იყო, თუმცა იანვარი წინ არის. შესაძლებელია, მონაცემებმა მოიმატოს“,- განაცხადა ჩხაიძემ.