
“პოლიციამ გორში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მიყენებული დაზიანების შედეგად კი, 32 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაღუპულის მამა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.