ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” ხელშეწყობით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ბაზაზე გაიმართა ქართული ჭიდაობის ჩემპიონატი — „აფხაზეთის ღია პირველობა”.
ტურნირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა.
ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის 80-მდე სპორტსმენი და გომბორი15 მოხალისე ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 2008–2010 და 2011–2013 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა.
ასპარეზობა 14 წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადაეცათ.
ჩემპიონატის არბიტრთა შორის იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის ომების ვეტერანი, სპორტის ოსტატი ძიუდოში, ეროვნული კატეგორიის მსაჯი — გია ედილაშვილი.
ტურნირს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მასპინძელი ორგანიზაციის – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები და მოხალისეები დაესწრნენ.
ჩემპიონატის მიზანს წარმოადგენდა მოხალისეების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჭიდაობის ტრადიციების მხარდაჭერა.
საგულისხმოა, რომ ქართული ჭიდაობა 2018 წლიდან იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული.