გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრმა დღეს კობა კობალაძეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს უმასპინძლა
დღეს, 17 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, სტუმრებს დაათვალიერებინა ცენტრის ინფრასტრუქტურა, გააცნო ინსტრუქტორები და ის პროგრამები, რომლებსაც მოხალისეები შეკრების დროს გადიან; სტუმრები, ასევე, დაესწრნენ მიმდინარე ნაკადში მონაწილე სკოლებს შორის გამართული შეჯიბრებების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს და თავადაც გადასცეს მათ სპეციალურად დაწესებული ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები.
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრი, წელს, უკვე, მასპინძლობს მეექვსე ნაკადს, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს თბილისიდან, რუსთავიდან, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
კურსის განმავლობაში, რომელიც 5 დღიანია, მოხალისეები, კვალიფიციური ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, გაივლიან რეალურ სიტუაციებზე ადაპტირებულ პრაქტიკულ მომზადებას; ისწავლიან თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, დრონების მართვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, საინჟინრო მომზადებას, ტოპოგრაფიას, კიბერუსაფრთხოებას.
ბანაკი უზრუნველყოფილია: კონტეინერის ტიპის კომფორტული საცხოვრებლებით,სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადით,ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგით, უფასო ინტერნეტით, ტრანსპორტირებით.
აღსანიშნავია, რომ გომბორის მოხალისეთა სასწავლო ცენტრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც.
ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” 2023 წელს შეიქმნა. მოხალისეთა ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და საქართველოს გენერალთა კლუბი და მისი მიზანია, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვას.
დაარსების დღიდან დღემდე, ცენტრში, 1500-ზე მეტი მოხალისე გადამზადდა.