გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს

113
spot_img

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ღია წერილით მიმართავს, რომელიც 20 ნოემბერის სასამართლო პროცესზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიცემულ ჩვენებას ეხება.

“ჯორჯიან თაიმსი”გოგა ხაინდრავას ღია წერილს  უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს”

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო! ა.წ. 20 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა და ამჟამად ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო კოლეგიისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი ბრძანებით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული სასტიკი დარბევა, განპირობებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის მიზნით.
ამავე ჩვენებაში, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფორმაცია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ, მან შეიტყო, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის მიერ, ქართული მხარისთვის გამოგზავნილი წერილიდან (აღსანიშნავია, რომ ამერიკული სპეცსამსახური, მან რუსული დასახელებით ФБР-ით მოიხსენია). სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რუსეთის დავალებით, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააბრალა, აწ განსვენებულ, ცნობილ ქართველ მეცენატს, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელს ბადრი პატარკაციშვილს.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ 2007 წელს, საქართველოში, ყველა საპროტესტო გამოსვლა, აქცია თუ დემონსტრაცია, ორგანიზებული და წარმართული იყო, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების – “ეროვნული საბჭოს“ მიერ. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილს, ის ამ გაერთიანების წევრი არ ყოფილა, ამიტომ ბუნებრივია, ვერც აქციების ორგანიზებაში და ვერც მათ წარმართვაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს ის საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბრალდებულ სააკაშვილის ჩვენება, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების და 2007 წლის 7 ნოემბერს, მისი განხორციელების მცდელობის შესახებ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წერილი, რომელიც ქართულ მხარეს ატყობინებდა ამ დანაშაულის შესახებ, თუ ასეთი ბუნებაში არსებობს, უთუოდ გვეხებოდა ჩვენ, ანუ ოპოზიციური „ეროვნული საბჭოს“ წევრებს, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ხაინდრავა – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი; დავით უსუფაშვილი – შემდგომში პარლამენტის თავმჯდომარე; ზვიად ძიძიგური – შემდგომში პარლამენტის ვიცე-სპიკერი; თინათინ ხიდაშელი – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი და თავდაცვის მინისტრი; გუბაზ სანიკიძე – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ბესელია – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი, კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; ლევან გაჩეჩილაძე – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის უცვლელი თავმჯდომარე;

ჯონდი ბაღათურია – შემდგომში პარლამენტის დეპუტატი; კობა დავითაშვილი – „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე, 2007 წლის 7 ნოემბერს გატაცების და სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ტრავმების გამო, აწ გარდაცვლილი და სხვა…

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო დენიგან! მოგმართავთ ოფიციალური თხოვნით, ან დაადასტუროთ ან უარყოთ, 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, ქართული მხარისთვის, მსგავსი წერილის გამოგზავნის ფაქტი.

ანალოგიური თხოვნით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ ელჩს საქართველოში, ბატონ ჯონ ტეფტს. აუცილებელია ნათელი მოეფინოს ამ გარემოებას. ქართულ მართლმსაჯულებას და საქართველოს საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი 2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოში, რუსეთიდან ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და აფრთხილებდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), ქართულ მხარეს, ამ ფაქტის შესახებ; თუ ეს არის ბრალდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე, განზრახ გაჟღერებული ცრუ ჩვენება, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დისკრედიტაციის მიზნით.

როგორც გაუწყეთ, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი პერსონა, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის ყოფილი ან ამჟამინდელი პირი გახლავართ. ჩვენი მონაწილეობა, ოკუპანტი ქვეყნის მიერ ინსპირირებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დანაშაულია, რაც საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად ისჯება.

იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ გამოიჩენთ, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისთვის დაკისრებულ მაღალ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობთ, როგორც ქართულ სასამართლოს და გამოძიებას, ისე საქართველოს მოქალაქეებს, ჭეშმარიტების დადგენაში”, – პატივისცემით გიორგი ხაინდრავა 2023 წელი 26 ნოემბერი, თბილისი