„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ – ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში – გახარიასთან არსებობს შეკითხვა – არის თუ არა ის ივანიშვილის თამაშში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
გახარიასთან დაკავშირებით გვარამია აღნიშნავს, რომ ის “დალაპარკებადია”, თუმცა, თუ თავად სხვაგვარად ფიქრობენ, ეს მათი არჩევანია. ამასთან, გვარამიას თქმით, ის არ იცნობს „ისეთ მათემატიკას“, რომლითაც გახარიას გუნდი მარტო შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას.
„როცა ჟურნალისტი გეკითხება, დალაპარაკებადია თუ არა გახარია, მე ვეუბნები ჩემს პოზიციას, ჩემთვის დალაპარაკებადი გახარია არის, მისი პარტიაც. თუ თვითონ ჰგონიათ, რომ დალაპარაკებადი არავინ არის ერთმანეთის გარდა, მათი არჩევანია, წარმატებას ვუსურვებ, ეტყობა იციან რაღაც გზები საუბრის გარეშე, როგორ მიარწიონ წარმატებას ან რაიმე მათემატიკაა ისეთი, რომლითაც კოალიცია არ დასჭირდებათ და მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. მე ასეთ მათემატიკას არ ვიცნობ. ვნახოთ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ დიდად არ მჯერა ამ წარმატების,”- განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც ის ამ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობს, არის თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, გვარამია პასუხობს, რომ ეს ხალხი, ასევე „ლელო“ არიან ის პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ აქვს და სიამოვნებით იქნებოდა მათთან ერთობაში.
„ჰო, (ასევე) „ლელო“… ეს არის ხალხი, ვინც არის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები პროდასავლურ ფლანგზე და ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს მე პირადად. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთად ერთობაში. თუ ისინი იმავენაირად მიყურებენ მე, გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ არა, არც ეგ არის ტრაგედია, არჩევნების შემდეგ დავილაპარაკებთ. გახარია არ იქნება როგორც ჩანს, არც ერთ სალაპარაკო ფორმატში და წარმატებას ვუსურვებ, ეტყობა იცის, რომ ბევრი პროცენტის აღება შეუძლია დამოუკიდებლად. არ ვიცი რას ეფუძნება ეს ხედვა,“- განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, გახარიასთან დაკავშირებით, გვარამია აღნიშნავს, რომ მასთან გარკვეული შეკითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ივანიშვილის თამაშში.
„შეკითხვები ბუნებრივია, არსებობს, ისევე როგორც დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მას აქვს შეკითხვები, მე „ნაცმოძრაობის“ დანამატი ვარ თუ არა, დასვან ეს შეკითხვები. მე შემიძლია ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი. გახარიასთან დაკავშირებით, ცხადია, არსებობს შეკითხვა – ის ბიძინა ივანიშვილის თამაშში არის თუ არა. მე მასთან ურთიერთობა არ მინდა ავაგო წინასწარი განწყობით ნეგატივზე და კონსპირაციაზე, ამას არ ვაპირებ, მაგრამ თუ თვითონ აპირებს ამ ტიპის ურთიერთობას – ურთიერთობა ორმხრივია, ცალმხრივი ვერ იქნება,“- განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ადამიანების რიცხვი, ვისთანაც ახლა თანამშრომლობს, გაიზარდა, თუმცა, ელიან როგორ გადაწყდება ერთიანობის საკითხი.
„ჩვენ ამ წუთში პერსონალური განცხადებებისთვის მზად არ ვართ, რადგან ველოდებით, როგორ გადაწყდება ერთობის საკითხი. ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ არ მინდა ეს საკითხი დავაზიანო, მირჩევნია უფრო მოზომილი ვიყო ჩემს განცხადებებში. ამიტომ ვგულშემატკივრობ ერთიანობას, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენი მიმართულებითაც,“- განაცხადა გვარამიამ.