„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
სამართალდამცველმა ვაშაძეს განუცხადა, რომ ის გამოკითხვაზეა დაბარებული.
„მე არ ვაპირებ მოსვლას. მე მაქვს უფლება აქ არ მოვიდე. უკანონო დავალებებს ნუ ასრულებთ. კრიმინალურ პოლიციას არ წარმოადგენთ? გუშინ, კრიმინალი რომ მოხდა, რა გააკეთეთ? გუშინ, აქციაზე ხალხი, რომ სცემეს რა გააკეთეთ?
დაანებეთ რეჟიმის მსახურებას თავი! კრიმინალურმა პოლიციამ კრიმინალს უნდა ებრძოლოს და არა აქ მოვიდეს. ნამდვილი დანაშაული გამოიძიეთ. ხალხის მხარეს გადმოდით, სანამ დრო გაქვთ“, – მიმართა ვაშაძემ სამართალდამცველებს.
სამართალდამცველებმა ვაშაძეს უწყება დაუტოვეს და უთხრეს, თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, შემთხვევაში ისინი მიმართავენ სასამართლოს, რათა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან ვარ. გუშინ გირეკავდით… უწყება მოგიტანეთ მოწმის სახით უნდა გამოგკითხოთ პოლიციაში. გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე აქციებს ეხება. მუხლი გულისხმობს, ჯგუფურ ძალადობას, მისი ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმის სახით უნდა გამოგკითხოთ“, – მიმართა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა გიორგი ვაშაძეს.