
ოცნების“ ავტოკრატიული რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებთან შედარება არასწორია, რადგან ევროპის ქვეყნებში სამართლიანი სასამართლო და დემოკრატიული ინსტიტუტებია.
„უნდა გავიხსენოთ, როდესაც ვსაუბრობდით, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა, პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ქუჩის იმედად დატოვება, შემდეგ არჩევნების ბოიკოტი, რასაც მოყვა უკვე მშვიდობიანი დამხობა, – მთელი ეს პროცესი არ მუშაობდა „ოცნების“ საწინააღმდეგოდ და როგორც აღმოჩნდა, მუშაობდა „ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ამ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობას „ოცნება“ რა თქმა უნდა გამოიყენებდა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. ეს ასეც მოხდა, ეს კანონპროექტები, ეს ყველაფერი არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი. იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, რომლებიც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.
ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, როდესაც ასეთი ძირეული მოვლენები ხდება ქვეყანაში და ამას ჰყავს თავისი კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ოპოზიციაში, თუნდაც ამ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
აქ მთავარი ის კი არ არის „ოცნება“ რას აკეთებს, ჩვენ ვინმეს გვიკვირს „ოცნებისგან“ ამ ტიპის ქმედებები? „ოცნება“ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს, ეს ხდება დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება ევროპის გარკვეულ ქვეყნებშიც იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლო არსებობს და დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს. მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მაგალითს მოიტანს, როგორც იქ არის ანალოგიური ტიპის სასჯელებიო. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა საბაბი „ოცნებას“ ამ დრაკონული, ძალადობრივი კანონების მიღების, ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია, მათ შორის საბაბი „ოცნებისთვის“ რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც აშენებს ბოლო რამდენიმე წელია. ამავე დროს „ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს, არც დემოკრატიული ინსტიტუტები და სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ დამოუკიდებლად, ბუნებრივია არ იქნება სწორი და ლოგიკური“, – განაცხადა შარაშიძემ.