“გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ პირველ მაისს მოგვმართა”- TAV Georgia

117
spot_img

კომპანია TAV Georgia  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე, განცხადებით ეხმაურება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გიორგი ფხაკაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და არა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფრენების გახსნის შესახებ გაკეთდა განცხადება.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებული ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“,- აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი ფხალაძემ   10 მაისს Facebook-ზე დაწერა:  “მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!!

დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!”

10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა სდა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.