გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

8
spot_img

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და საარჩევნო საკითხების შესახებ მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად ხორციელდება.

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და მათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და განხორციელებული აქტივობების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე ცესკო-ს თავმჯდომარისგან პასუხები მიიღეს.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ანაკლიაში გაიმართა, ორგანიზებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.