
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ირაკლი პაპიაშვილს მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.
მოსამართლეს პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით და აღნიშნა, რომ ბრალდებულები საკუთარ პროცესზე რამდენჯერმე არ გამოცხადნენ, ასევე არსებობდა მიმალვის საშიშროება, რის გამოც ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა.
პროცესი დასკვნით ეტაპზეა, გამოსაკვლევი მხოლოდ ბრალდებულთა ჩვენებებია.