საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023- 2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„დღეს, 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ყველა პირველკლასელს სკოლაში საინტერესო, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე წლების გატარებას ვუსურვებ.
პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თითოეულმა მოსწავლემ, ცოდნასთან ერთად, მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება. მე და ჩემმა გუნდმა ზოგადი განათლების განვითარების კუთხით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ სკოლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასება წარმოადგენს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სადაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – ნათქვამია ამილახვარის მილოცვაში.
2023-2024 სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.