სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და მთავრობის დამხობის მცდელობების ფონზე, მომხდარი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების პატივისცემისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათ „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად, შიშის გარეშე მოქმედება უნდა უზრუნველყონ“.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება“, – აცხადებს ლუის გრაჩა.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით, ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.