
ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 404-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
უწყების ცნობით, საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით 660 ადამიანი მიიყვანეს. ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ამოყვანა კი ამ დრომდე გრძელდება.
როგორც ცნობილია, იერიშების შედეგად დაღუპულია „ჰამასის“ ოთხი მაღალჩინოსანი, მათ შორის, მაჰმუდ აბუ ვაფა, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ დარტყმების ბრძანება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გასცეს.