ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელის მხრიდან ნასროლი ჭურვი ინდონეზიის საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-ქუდრამ Aljazeera-ს განუცხადა, რომ „სიტუაცია კატასტროფულია“.
„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა მან.
ინდონეზიის საავადმყოფოს სამედიცინო მუშაკი, მარვან აბდალაჰი ამბობს, რომ ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის (656 ფუტი) დაშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ.