“ღაზაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება” – CNN

28
spot_img

ღაზის სექტორის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში სიტუაცია დაწყნარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა რამდენიმე ქვედანაყოფი გაიყვანა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ღაზის სექტორში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ოთხშაბათს ღაზას სამხრეთით მდებარე საავადმყოფოსთან საარტილერიო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ძლიერი აფეთქება მოხდა ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 22 300 ადამიანს გადააჭარბა.

CNN-ი იუწყება, რომ გამოიკვეთა შიში ფართო რეგიონული კონფლიქტის პოტენციალის შესახებ მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირანში მომხდარ აფეთქებებში, რომელსაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელი დაადანაშაულეს და შურისძიებით დაიმუქრნენ.

ლიბანში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან ომს დაიწყებს, პასუხი “უსაზღვრო” იქნება. მისივე თქმით, ბეირუთში „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.