აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის „სამაგალითო ლიდერთან“ და სტრატეგიული პარტნიორობა“, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (27 ივლისი – 01 აგვისტო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შუქ-ჩრდილები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულ-ჩინური ურთიერთობები „ამაღლდა“ და „ისტორიული ვიზიტიდან“ ის სამშობლოში „კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით“ დაბრუნდა. ამ შედეგების საფუძველი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული ურთიერთობა გახდა.
თანამშრომლობის სფეროებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებმა სახელმწიფო ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს. 1088 სიტყვიანი დოკუმენტი ოთხ მიმართულებას მოიცავს და მასში შედის პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო და ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილებები. ამავე დოკუმენტით საქართველო შეუერთდა ჩინეთის რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, „შთაგონებას მისცემს ბევრ ერს, ბევრ ქვეყანას“.
„ანტიდასავლური“ ინიციატივები, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო „ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“ ოფიციალურად შეუერთდა.
ინიციატივა მსოფლიო საზოგადოებას, 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარუდგინა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ინიციატივა სრულად ეწინააღმდეგება დასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებს. „ეს არის ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ჩინური სტილით პრობლემების გადაწყვეტას სთავაზობს“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი ლილი მაკელვი.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს და სხვა ინიციატივები ანტიდასავლურია, რაც „უკიდურესად სახიფათოა, უკიდურესად პრობლემურია ქართული სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის რომელსაც კონსტიტუციურად გაცხადებული აქვს, რომ მიდის ნატოსა და ევროკავშირისკენ. ყველა ექსპერტის მიერ „ჯიესაი“(ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა) შეფასებულია, როგორც ანტიდასავლური, ანტიამერიკული დოკუმენტი“.
პოლიტიკური მიმომხილველები თვლიან, რომ „ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატიულ რეალობას ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას მეოთხე პუნქტი იქცევს, რომელიც ქვეყნების ე.წ. „ლეგიტიმურ შიშებზე“ საუბრობს.
პეკინის ეს ინიციატივა ამბობს, რომ აუცილებელია, ყველა მხარის მიერ გათვალისწინებული იყოს, ყველა სახელმწიფოს „ლეგიტიმური შიშები და საფრთხეები“ და არ უნდა ხდებოდეს მათი იგნორირება. „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს ნარატივი, ცოტა ხნის წინ, პრემიერ ღარიბაშვილმაც გააჟღერა.
„ეს არის იგივე კონტექსტი, რაც თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში, როდესაც ამბობდა, რომ ნატოს გაფართოებამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რამაც მოიტანა დამანგრეველი შედეგები. ანუ, ამ ინიციატივის მიხედვით გაჩნდა რუსეთის ლეგიტიმური შიშები და სახელმწიფოები ვალდებულები არიან ამ ლეგიტიმურ შიშებს უპასუხონ“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ ასევე ამბობს, რომ ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არის.
„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სის ინიციატივებს და მე გეტყვით რატომ. ეს ინიციატივები არის მშვიდობისთვის, პროგრესისთვის, კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. ეს არის ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირდება. დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ყველა ერისთვის, მთელი პლანეტისთვის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჩინეთის გლობალური სატელევიზიო ქსელის“ გადაცემაში „ლიდერები საუბრობენ“.
რატომ არის სტრატეგიული დოკუმენტი „პეკინის ინტერესების“ მატარებელი?
„მომზადებულია პეკინში, პეკინის ინტერესების სრული დაცვით, პეკინის ინტერესების აბსოლუტური გაზიარებით და იქ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოცანები არ ჩანს. პირველი პუნქტი ამის ძალიან კარგი სადემონსტრაციო მაგალითია“, – ამბობს თინა ხიდაშელი და „პოლიტიკური განზომილების“ პირველ პუნქტზე მიანიშნებს. დოკუმენტის ეს ნაწილი ამბობს, რომ “მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”.
ყურადღება მივაქციოთ: არც ამ ჩანაწერში და არც ოთხთავიან დოკუმენტში საუბარი არ არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არის დაკონკრეტებული, რომ ჩინეთი მხარს უჭერს კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ან მიმდინარე რუსულ ოკუპაციაზე განცხადება არც ჩინეთის პრეზიდენტს გაუკეთებია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას. საკუთარი მიმართვისას კი, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩანაწერი თანასწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის იტყოდა, რომ „მხარეები აღიარებენ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“.
ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს იმაზე, თუ რა პოტენციური შესაძლებლობა შეიძლება ჰქონოდა თბილისი პეკინის სტრატეგიულ პარტნიორობას.
„ვფიქრობ, ჩინეთთან ურთიერთობის პოტენციური შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ ჩინეთმა აღიაროს საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობა და ჩინეთმა მოუწოდოს რუსეთს, უკან წაიღოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ხელახლა აღიაროს ისინი საქართველოს ტერიტორიებად. თუ ჩინეთი რუსეთზე ასეთ ზეწოლას მოახდენდა, ეს საქართველოსთვის კარგი სარგებელი იქნებოდა. მაგრამ, ეს არ არის ის, რაც ახლა ხდება და არ არის სტრატეგიული პარტნიორობის აქამდე მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ვფიქრობ, ერთი რამ, რასაც საქართველო ჩინეთისგან უნდა ითხოვდეს არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება პატივი ეცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, [ჩვენი ტერიტორიებიდან] რუსეთის გაყვანაში“, – ამბობს კურტ ვოლკერი.
ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთს მკაფიო პოზიცია დღემდე გამოხატული არ აქვს. ამის ერთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს რეზოლუცია, რომელსაც საქართველო გაეროში 2009 წლის შემდეგ ყოველ წელს წარადგენს. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 14 წლის განმავლობაში კენჭისყრის დროს სხდომას ან არ ესწრება ან კენჭისყრის დროს თავს იკავებს. ასე მოხდა 2023 წელსაც, როცა ჩინეთმა 59 სხვა ქვეყანასთან ერთად თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან. Სხვა ქვეყნებს შორის არიან: არგენტინა, სომხეთი, ბრაზილია და ა.შ.
ეკონომიკური განზომილება
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი შესამჩნევი“, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის დროს. ერთ-ერთ „შესამჩნევ შედეგად“ კი შესაძლოა ეკონომიკური, ფინანსური კავშირები იგულისხმებოდეს.
მართალია ქართულ-ჩინური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისიდან იღებს სათავეს, თუმცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გაღრმავდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. პეკინსა და თბილის შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2017 წლის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულმა ხელშეკრულებამაც.
„ყველა დოკუმენტი, რაც კი სახელმწიფოთა შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ან ნებისმიერ სხვა ბიზნეს აქტივობას ხელს შეუწყობს, მხარს დაუჭერს, წაახალისებს ამ ვაჭრობის განვითარებას, ჩვენ უკვე გვქონდა 31 ივლისამდე. ყოველთვის შეიძლება ხელშეკრულებების დახვეწა და იმ ხელშეკრულებების ფარგლებში რაღაცა ახალი წესების შემოღება, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს სტრატეგიულ თანამშრომლობასთან,“ – აცხადებს “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.
ამერიკის შემდეგ, ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, თუმცა პეკინს საიმედო პარტნიორის რეპუტაცია არ აქვს. ამის გამო, ქვეყნების ნაწილი პეკინთან ურთიერთობის გადახედვას ცდილობს.
“უამრავ ქვეყანას, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებს, ჩინეთთან მიმდინარე ურთიერთობები აქვს, მაგრამ ტენდენცია ამისგან თავის დაღწევაა“, – ამბობს კურტ ვოლკერი და განმარტავს, რომ შესაძლოა პეკინთან ურთიერთობებმა თბილისს მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს, თუმცა გრძელვადიანი პესპექტივა საიმედოდ არ გამოიყურება.
„შეგიძლიათ სახლი იაფად ააშენოთ, მეორეხარისხოვანი მასალებით. ამის გაკეთება შეგიძლიათ, თუმცა შემდეგ იმ სახლში ცხოვრება ნამდვილ თავისტკივილად იქცევა. მაგრამ თუ მშენებლობას სწორად, ხარისხიანი მასალით წარმართავთ, შეძლებთ ძალიან მყარი, ძალიან საიმედო სახლის აშენებას. ზუსტად ასე – ჩინეთთან ეს გარიგება, შეიძლება იყოს სწრაფი გამოსავალი, მათ შეიძლება ჰქონდეთ ბევრი ფული, რომელსაც ბევრი მოთხოვნა არ მოჰყვება, მაგრამ ეს არ იქნება წარმატებული, ხანგრძლივი ინვესტიცია და უამრავ პრობლემას მოიტანს“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.
“ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი ბოლო წლებში სულ უფრო რეპრესიული ხდება“, – ეს არის ამონარიდი „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნიდან, რომელიც საუბრობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეპრესიულ მმართველობაზე და პრობლემებზე სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიური ნიშნით დევნის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის კუთხით.
ამ ფონზე, კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი „ჩინეთის გლობალური სატელევიზიო ქსელის“ გადაცემაში „საუბრობენ ლიდერები“ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „სამაგალითო ლიდერია“.
„გაზვიადების გარეშე, პრეზიდენტი სი ნამდვილად სამაგალითო ლიდერია, კარგი ხედვით, ბრძენი ადამიანი, რომელმაც დიდებული საქმეები გააკეთა მისი დიდებული ერისთვის და რომელიც აკეთებს ბევრ ამბიციურ პროექტს და რეფორმას თქვენი ქვეყნისთვის და ერისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კომუნისტური პარტიის მიერ მართული „ავტორიტარული“ ჩინეთი „სრულად ჩამოცილებულია“ დემოკრატიულ ღირებულებებს და ის არც სხვა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს ამ ღირებულებებისა დაცვას. ეს ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის მიმზიდველი შესაძლებლობაა.
„საქმის სწორად გაკეთება, ისე რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ფინანსური ინვესტიციები ნორმალური პირობებით, მრავალ დასავლელ სანდო პარტნიორთან უფრო რთულია. ეს მოითხოვს მეტ დროს, მეტ ძალისხმევას და დიახ, ის მოითხოვს გარკვეულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგრამ, ეს ასევე ზუსტად ისაა, რასაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს“, – ამბობს კურტ ვოლკერი.
„სარტყელი და გზის ინიციატივა”
საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაწინაურების ერთ-ერთ საფუძვლად ჩინეთი „სარტყელი და გზის“ ინიციატივას იყენებს, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ინიციატივის მიზანი ჩინეთის ევროპასთან რუსეთის გვერდის ავლით დაკავშირებაა, რადგან როგორც მკვლევარი ლილი მაკელვი ამბობს, „რუსეთი ჩინეთისთვის არასაიმედო პარტნიორია .
„სარტყელი და გზის“ ინიციატივა, ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მისი იდეაა ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა მოხდეს, თუმცა ბოლოს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ბევრი ქვეყანა მას წამგებიან პროექტად მოიაზრებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყნანა იტალიაა, რომელიც ინიციატივის დატოვებას წლის ბოლომდე გეგმავს.
„ჩინეთს “გზა და სარტყელი ინიციატივა” ევროპაში ჩამოეშალა. იტალიის მსგავსად ბევრი ქვეყანა ფიქრობს ამ შეთანხმების დატოვებას. [ევროპულ ქვეყნებს] აქვთ იმედგაცრუება ორი მიმართულებით: პირველი, ეს არის ეკონომიკური მაჩვენებლები. ციფრები აჩვენებს, რომ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების ექსპორტი ჩინეთში მინიმუმზეა, მაშინ როცა ჩინეთის ექსპორტი ამ ქვეყნებში გაიზარდა. მეორე, იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებსაც ჩინეთი ევროპაში ახორციელებდა“, – ამბობს მაკელვი.
გარდა ამისა ჩინეთის საერთაშორისო იმიჯზე ანალიტიკოსების შეფასებით უარყოფითი გავლენა იქონია „კოვიდ-19-ის” პანდემიამ და რუსეთის ომმა უკრაინაში.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ჩინურ ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრო, სადაც მან ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილი შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის ბანკის წარმომადგენლებს და ესტუმრა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ცენტრსაც. ცენტრში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
„მეოცე საუკუნეში ქვეყნები გავლენას იპოვებდნენ სამხედრო ძალით, იარაღით. მაგრამ 21-ე საუკუნე არის ინფრასტრუქტურების ბრძოლა, როგორც ფიზიკური ასევე ციფრული. ციფრული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ თუ გავხდით ჩინური ციფრული ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩვენ გაგვიჭირდება სხვა ინფრასტრუქტურების ნაწილი გავხდეთ. იქნება ორი ინფრასტრუქტურა: ჩინური, რომელსაც ხელმძღვანელობს “ჰუავეი” და მეორე მხარეს იქნება დასავლური ინფრასტრუქტურა. მომავალში კი შესაძლოა ციფრულმა ინფრასტრუქტურამ სახელმწიფოს მოწყობის ფორმა განსაზღვროს,“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსმა მირო ფოფხაძემ.
საქართველოს ევროატლანტიკური გზა
ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო ახლა „ორ სკამზე ზის“ რამაც შესაძლოა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს. Ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაზია ბოლო წლებში “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებებს ერთ სურათში განიხილავს და ამბობს, რომ, ეს “არ არის შესაფერისი ტრანსატლანტიკური ოჯახისთვის”.
„ამ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და გამოცხადებისთვის შერჩეულ მომენტს ფონად გასდევს უკრაინის კონტრშეტევა, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმა და ამასთან, საქართველოს ხელისუფლების აბსურდულად ცრუ განცხადებები, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ვერ იქნება განხილული მეგობრულ გადაწყვეტილებად ქვეყნისგან, რომელსაც სურს შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს, არ არის შესაფერისი ტრანსატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის“, – ამბობს მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რომელიც უკვე 14 წელს ითვლის. “ამერიკის ხმა” დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჰქონდეს გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე.
„შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ თანამშრომლობის გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას სანდო სავაჭრო პარტნიორებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც უწყებამ „ამერიკის ხმას“ მიაწოდა.
ჩინეთი ამერიკისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის და აზიაში დემოკრატიული ქვეყნებისთვის მთავარი სტრატეგიული გამოწვევაა. არის თუ არა საქართველოსთვის შესაძლებელი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ნავიგაცია ისე, რომ ამან ქვეყნის ინტერესები არ დააზარალოს, ამას დრო გვაჩვენებს.