“ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს “კახური კლანი” და ამაზე თავად “ქართული ოცნების” ლიდერები საუბრობდნენ”- პაატა მანჯგალაძე

171
spot_img

“ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე”- ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით იმყოფებოდა აშშ-ში და აღნიშნა, რომ ჩარტერით გაფრენა რამდენიმე ათობით ათასი დოლარი ღირს და ახლა მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განმარტება, თუ საიდან ჰქონდა ეს თანხა და ვინ გადაიხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე. ახლა ისე გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა, აქამდე არ დავიდეს ეს ყველაფერი. მე ამაში ვხედავ კორუფციის რისკებს, მეტსაც ვიტყვი, ის არის კორუმპირებული. საკუთარ მეუღლეს რომ ბორჯომის პარკი გადასცა 49 წლით, ეს არის პირდაპირი მისი კორუფციული მადის დადასტურება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

“კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – ნათქვამია განცხადებაში.