მინდა, მადლიერება გამოვხატო გერმანიის კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ასე რომ, მე მადლიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანიაში მისი ვიზიტი კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით დაიგეგმა.
„გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით. მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა, ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოზე, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მასთან მქონდა არაერთი საუბარი; შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით მისი მიწვევით და მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შეხვედრებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.