გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „სამშობლოს ამარა” გენერლებსა და თანამებრძოლებს წარუდგინა

12
spot_img

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის – „სამშობლოს ამარა“ წარდგენა.

„სამშობლოს ამარა“ არის ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, რომელიც ავტორის თვალით გადმოსცემს 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ავტორი, ნაშრომზე, 2005 წლიდან მუშაობდა და როგორც შეხვედრაზე განაცხადა, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ამ წლის ბოლომდე, წიგნის მეორე ნაწილიც გამოსცეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გენერლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ომში დაღუპულ იმ მეომართა ოჯახის წევრები, რომელთა შესახებაც წიგნშია მოთხრობილი. ავტორის სურვილით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, წიგნი მოწვეულ სტუმრებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.

აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისაო – ნათქვამია. ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ყველაზე კრიზისული პერიოდი 92-93 წლებისა, ის ეტაპი, ის მონაკვეთი, თითოეული ჩვენგანისთვის იყო ახალგაზრდობის წლების ჩვენი ქვეყნის მსახურებაში გატარების პროცესი. გიორგის ამ ნაშრომმა, თავისი პლუს-მინუსებით, ახლიდან განგვაცდევინა ეს დინამიკა და კიდევ ერთხელ მონაწილენი გაგვხადა იმ პროცესებისა, რაც აქ მყოფებმა გამოვიარეთ“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

გიორგი ყარყარაშვილის წიგნმა „მუზა 2024“-ის საუკეთესო დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გაიმარჯვა.