გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს – კახა კალაძე

12
spot_img

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა წელს, 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.

კალაძის თქმით, გაიმართება მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

„ორბელიანის მოედანზე სტუმრებს მუსიკალური ბენდები უმასპინძლებენ, ხოლო მათ, ვინც რიყის პარკს ეწვევა, საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ. გარდა ამისა, აბანოთუბანში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“.

რაც მთავარია, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სხვა წყაროებით. გელით, ერთად აღვნიშნოთ თბილისის დღეები 5 და 6 ოქტომბერს“-განაცხადა კალაძემ.