გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა

19
spot_img

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებს ორი ახალი მოადგილე – ლაშა ავალიანი და ზურაბ ეზუგბაია წარუდგინა. მინისტრმა გუნდის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს.

ლაშა ავალიანს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი, ფლობს დოქტორის ხარისხს პარაზიტოლოგიის მიმართულებით. მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაშა ავალიანი 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს; შემდგომ იკავებდა უფროსის მოადგილის პოზიციას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ლაშა ავალიანი 22 სექტემბრიდან შეუდგება.

ზურაბ ეზუგბაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორში. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ნავთობისა და გაზის კორპორაციაში; იუსტიციის სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციას, მათ შორის, 2001–2003 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ზურაბ ეზუგბაია მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას სამი სექტემბრიდან შეუდგა.