ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე იყო განცხადებები, რაც შეეფერებოდა რეალობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდის იმაზე, „თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს“.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე იყო განცხადებები, რაც შეეფერებოდა რეალობას. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული. ჩვენ ამაზე მკაფიო განცხადებები მოვისმინეთ, პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს. უბრალოდ ვისმენთ ამ სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს.
ჩვენ არ [მოგვისმენია] არანაირი არგუმენტი, მაგალითად, არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. ამდენი ხანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვისმენთ განცხადებებს. მოწოდებებიც გაკეთდა, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება და ფაქტი გააჩნია, კეთილი ინებოს და ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა პროკურატურას, დაბარებული იყო კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც საუბრობდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით, თითქოს უამრავი ფაქტი ჰქონდათ, მაგრამ რეალობაში აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არაფერი გააჩნიათ. აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და მდგომარეობა. შესაბამისად, ის სხვა განცხადებები, რასაც ვისმენთ დაფუძნებულია ამ სიცრუეზე და ტყუილზე”, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი. აღნიშნულზე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოს გარედან ვერავინ დაუნიშნავს ხელისუფლებას და მსგავსი განცხადება არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ თურმე იქ, ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა – ყველა ცალფეხზე უნდა იდგეს, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დაითმოს. არ გამოვა, მეგობრებო, ასე! საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხელისუფლებას აირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. დღეს 1 120 000 ადამიანმა “ქართულ ოცნებას” ანდო ქვეყნის ბედი, ჩააბარა ხელისუფლება, ქვეყნის მართვა. რატომ? ხომ 12 წელი გავიდა? – იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირველ რიგში, იცავს ქართულ, ეროვნულ ინტერესს, ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ევროპარლამენტარების მხრიდან არის ორმაგი სტანდარტი. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება სპეკულაციურ განცხადებებს ისმენს, რომელსაც ევროპარლამენტის დეპუტატები აჟღერებენ, რაც „კატეგორიულად მიუღებელია“.
„რატომ არის კატეგორიულად მიუღებელი? – არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი, წარმოდგენილი იყო შუალედური დასკვნა. 2012 წლიდან მეც პირადად არჩევნებში ჩართული ვარ. ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო, მე 2012 წლიდან მოყოლებული, არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა კამპანიის ჩატარების… ძალიან მშვიდი, სტაბილური გარემო იყო.
არჩევნების დღეს 25 000 დამკვირვებელი, პარტიის 25 000 წარმომადგენელი, კომისიის 25 000 წევრი იყო. რა გაყალბებაზეა ზოგადად საუბარი?! 2 000-მდე უცხოელი დამკვირვებლები, რომლის განცხადებებსაც პირდაპირ ეთერებში ვისმენდით, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საბოლოოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მრავალპარტიული იყო. მორჩა, სხვა სპეკულაციური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. ევროპელი დეპუტატების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა და საჭიროა დარღვევების გამოძიება, ასევე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. რამდენიმე ევროპარლამენტარმა კი განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და საქართველოში ამჟამინდელი ვითარება ევროკავშირის, აშშ-ის და ბევრი დასავლური ქვეყნის უსამართლო პოლიტიკის შედეგია და რომ ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა საქართველოს მთავრობასთან რაციონალური დიალოგი უნდა დაიწყონ.