“გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ!” – ლადო კახაძე

339
spot_img

50 წელია გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ! – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

კახაძის თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოებას გაჯანსაღების ნაცვლად, აავადებენ.

„ყველა ადამიანს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცებ, ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს და ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ახლა. პოლიტიკოსებს ექიმებს გადარებთ და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ექიმების დონეზე ავიყვანო, მაგრამ ზოგს არ გიხდებათ ეს პოლიტიკოსობა, რადგან საზოგადოების ექიმებად ვერ ივარგებთ, თქვენი სიტყვით გაჯანსაღების ნაცვლად საზოგადოებას აავადებთ. ბოდიშს ვუხდი გარდაცვლილთა ყველა სულს, მიწაზე დარჩენილებს ტკივილში ვუერთდები, ყველას ვისაც სტკივა, ყველას მიმართ სამძიმარს გამოვთქვამ, დედამიწის მიმართ – დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და მან არ იცის, სად, რა მოუვა, სად მოწყდება მეწყერი, ეს დედამიწამ არ იცის. პროგნოზს და გაფრთხილებას რაც შეეხება, აგერ, 50 წელია, გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ, კაცო! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ, კაცო! რატომ არ ლაპარაკობთ დღეს შავი ზღვის დაბინძურებაზე? იცით რატომ? სეზონი გავიდა და იმ ხალხს ვეღარ დააფრთხობთ. გაფრთხილების სისტემა 7 იყო, 9 გახდა, მერე 12, ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ მოსახლეობას, ეს წყალი უსაფრთხოაო, თქვენ კი, ჯინაზე იძახდით, რომ სახიფათო იყო! მე ქრონიკულ დაავადებებთანაც მაქვს საქმე, ტუბერკულოზი განუკურნებელი სენია, მას რეზიდენტობა ახასიათებს, რა წამალიც არ უნდა დახარჯო, არ განიკურნება, სანამ არ მოსპობს. არ მინდა ჩემი ქვეყანა ტუბერკულოზის ამ რეზისტენტული ფორმით იყოს დაავადებული – პოლიტიკურ ტუბერკულოზზე ვლაპარაკობ. იქნებ, შევეცადოთ, თუ განკურნება არ გინდათ, იზოლაციაში იყოთ. მოსახლეობას ვთხოვ, თუ თავი გინდათ დაიძვრინოთ, პოლიტიკური ტუბერკულოზის მსხვერპლი არ გახდეთ, ამ ხალხს გავემიჯნოთ. როგორც გინდათ, ისე აღიქვას ჩვენმა მოსახლეობამ, რასაც ახლა ვიტყვი. დიდი ხანია, რაც დიაგნოსტიკაში ვარ, ნაღვლის ბუშტში კენჭს რომ დავინახავ, იმ ადამიანს ვეუბნები, შენ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაიკეთო-მეთქი. რატომ? – არ მტკივაო. ისეთ დროს შეგიტევს, ექიმი იქ არ გეყოლება – თვითმფრინავში, გემზე, მატარებელში და ამან შეიძლება შენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი შემატოს-მეთქი. აი, ჩემდა სამწუხაროდ, ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია, ეს საბოტაჟის წყაროა, დიდი მადლობა ჩვენს გონიერ მოსახლეობას, ამ კენჭის გაჭედვისთვის. ხმამაღლა ვამბობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამის უფლება მაქვს, დრო დადგა, ეს პოლიტიკური კენჭებიანი ნაღვლის ბუშტი ამოვიღოთ!“, – განაცხადა კახაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსაც მიმართა.

„ამ ინტერპელაციაზე, ჩემმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა. როცა ადამიანს პატივს ვცემ, ვუსმენ, ყურებზე მიკეთია [ყურსასმენი], ვის ნათქვამსაც არ ვუსმენ, ყურებზე არ მიკეთია. თავი იმიტომ დავაქნიე – ჰო, ჩემი დიაგნოზი გამართლდა-მეთქი, ვამოწმებ ადამიანებს, ცხოვრებაში დასმული დიაგნოზით. ერთ-ერთი, რომელმაც ჩემ გვარს მოუხმო – ფრთხილად, ჩემ გვართან, კბილი არ მოიტეხოთ“, – განაცხადა კახაძემ.