
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარისგან, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით – ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს, არ არის ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ უცხოელი პოლიტიკოსის ინტერესებში. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მათ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მომავალშიც ნებისმიერი კანონმდებლობა, ნებისმიერი საჭიროება, რომელიც კარგად დაიცავს ჩვენს ქვეყანას გარე გავლენებისგან, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა, ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება.