“გამოვიყენებთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რათა ნათლად გამოვხატოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” – ჯოზეფ ბორელი

207
spot_img

მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას, რომლის გადაწყვეტილებებსაც რუსეთი ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს კვირა არის კრიტიკული მომენტი გლობალური და მრავალმხრივი სისტემისთვის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომით რუსეთი, რომელიც არის ბირთვული ძალა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არღვევს გაერო-ს წესდებას. მიუხედავად გენერალური ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, რუსეთი არ აძლევს უშიშროების საბჭოს უფლებას, შეასრულოს თავისი როლი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვაგანაც, რაც საფრთხეს უქმნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი სისტემის სანდოობას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, ეს ომი რჩება უდიდეს საფრთხედ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალურ კრიზისს.

„ჩვენ გამოვიყენებთ წლევანდელ გაერო-ს მაღალი დონის კვირეულს, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მსოფლიოს ყველა კუთხის ქვეყნები შემოგვიერთდნენ გაერო-ს წესდების დასაცავად და რუსული ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ბორელი.