გამარჯვება პუტინს ხელში აქვს – The New York Times

54
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯვება პუტინს ხელში აქვს“ (ავტორი – ანასტასია ედელი). ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის მხარეთა შესაძლებლობები, ასევე გამოთქმულია ვარაუდები პერსპექტივისათვის: ვინ გაიმარჯვებს  -ვლადიმერ ზელენსკი თუ ვლადიმერ პუტინი? როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ?

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დაახლოებით ერთი თვის წინათ, როცა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, რუსეთი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის დაწყებას აღნიშნავდა. მიწვეული დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისთვის გამართული სადილის მენიუში იყო პოპულარული რუსულ-უკრაინული კერძი „კატლეტები კიევურად“. ლანჩამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ უარყო საავადმყოფოს დაბომბვა-დანგრევაში კრემლის პასუხისმგებლობა. სადილზე მიწვეული სტუმრები კი, რომლებიც „კიევურ კატლეტებს“ მიირთმევდნენ, ლუკმებს მდუმარედ ყლაპავდნენ და კიევის საავადმყოფოს ტრაგედიაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ.

ეს ინდიდენტი მშვენივრად წარმოაჩენს იმ მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სანამ დასავლეთი, ძალაგამოლეულის მსგავსად, მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და უფრო აქტიურად არ მოქმედებს, რუსეთი სულ უფრო თამამდება იმ ონავარი მოსწავლესავით, რომელმაც იცის, რომ მასწავლებელი კლასში შესვლას დააგვიანებს. უკრაინაში შეჭრის დროინდელი რუსების შიშები, რომ ნატო მათ მკაცრად დასჯიდა, ახლა ფაქტიურად გამქრალია – კრემლის ბინადარი  დაუსჯელობით სარგებლობს და რაც უნდა, იმას აკეთებს. ან საერთოდ რატომ უნდა ეშინოდეს? დასავლეთს აშკარად არ ჰყოფნის გაბედულება და სწრაფვა გამარჯვებისაკენ. ვლადიმერ პუტინისათვის კი ახლა გამარჯვება ხელმისაწვდომია – იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში მომავალ წელს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელი ლიდერები არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი უკრაინას „მხარს უჭერენ’, მაგრამ სწორი სიტყვების მიუხედავად, იგივე ლიდერებს რუსეთ-უკრაინის ომი ლოკალურ კონფლიქტად მიაჩნიათ, რომლის მიმართ მათ რაიმე მნიშვნელოვანი ვალდებულებები არ აქვთ: დაპირებული სამხედრო დახმარება ხშირად აგვიანებს და თუ კიევს იარაღს და სამხედრო ტექნიკას აძლევენ, მას თან ინსტრუქციები მოსდევს – „არ ესროლო, არ მოკლა, არ დაბომბო…“.

უკრაინის არმიის ქვედანაყოფების შეჭრა კურსკის ოლქში ნათლად აჩვენებს იმას, თუ რას შეიძლება მიაღწიოს კიევმა, თუ დასავლური იარაღის გამოყენების საკითხში არსებული შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება და უკრაინა თავისუფლად ისარგებლებს მიცემული ტექნიკის სრული შესაძლებლობებით. მაგრამ ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი ნახევარზომებით კმაყოფილდებიან და თავს არიდებენ „ომის ესკალაციას“ – ვაითუ რუსეთი გაბრაზდესო.

დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის ძლიერების წყაროების გადაკეტვა. ყველანაირი სანქციის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დღეისათვის დინამიურად იზრდება, რუსი ოლიგარქების აქტივები დასავლურ ბანკებში საიმედოდ არის შენახული, თუნდაც გაყინული სახით. რუსუსლი ნავთობი და გაზი ისევ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს – იმ განსხვავებით, რომ ახლა ციმბირულ ენერგორესურსებს ევროპის კი არა, აზიის ქვეყნები ყიდულობენ. დასავლელ ლიდერებს ვერ გაურკვევიათ, რა სურთ უფრო მეტად – რუსეთის სერიოზული დასჯა და ყველაფრის ისე დატოვება, როგორიც არის. აი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დასავლეთის ორჭოფული და გაუბედავი პოზიციისა: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წამოჭრა საკითხი რუსული ტანკერების მიმართ სანქციების დაწესების სესახებ, მაგრამ თეთრმა სახლმა არ მიიღო – ვაითუ მსოფლიოში და, შესაბამისად, აშშ-შიც ბენზინი გაძვირდეს და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს დაუშვებელიაო… კრემლი კი ამასობაში ნავთობისაგან მიღებულ მილიარდებს ჯიბეში იდებს და ფულს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს..

ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ამერიკული არჩევნები არ ადარდებს, ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ორაზროვანი დასავლეთისაგან განსხვავებით, კრემლის ბინადარი სერიოზულად თამაშობს. მან თავისი ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტს სამხედრო მიზნებისთვის ხარჯავს, უხვი ფულით და ხელფასებით რუსეთის მოქალაქეებს სამხედრო ქარხნებში სამუშაოდ ეპატიჟება და ფრონტზე წასვლისათვის აქეზებს. კრემლმა გააფართოვა თავის გავლენა ნატოს ტერიტორიაზეც – ალიანსის წევრ ქვეყნებში აფინანსებს პრორუსუსლი პარტიების შექმნას და მათ საქმიანობას, ახორციელებს დასავლელი პოლიტიკოსებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვას. ავრცელებს დეზინფორმაციას და იმ ადამიანთა სახელისა და რეპუტაციის შელახვას, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან.

ასეთი სიტუაცია, როცა რუსეთი აქტიურად იყენებს თავის რესურსებს და ნებას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო მოკავშირეები მას საკმარის დახმარებას არ უწევენ, უკრაინისათვის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. მიუხედავად არმიის ბოლო დროინდელი წარმატებისა კურსკის ოლქში, დადაგება დრო, როცა უკრაინელები მეტად ვეღარ გაუძლებენ საომარ მდგომარეობას და უპირატესობას ტერიტორიულ დათმობას მიანიჭებენ, ვიდრე ტყვიით და ბომბებით სიკვდილს. შესაძლოა ეს მომენტი უფრო ადრეც დადგეს, სანამ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და თეთრი სახლიდან ომს „24 საათის განმავლობაში შეწყვეტს“ – ზეწოლას მოახდენს კიევზე კრემლის პირობებს დათანხმდეს. ან შესაძლოა უფრო გვიან მოხდეს, თუ დემოკრატები ხელისუფლებას შეინარჩუნებენ და ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში კამალა ჰარისი დაჯდება, რომელიც ჯო ბაიდენის „ნახევარზომებს“ გააგრძელებს.

ვლადიმერ პუტინი კი გამარჯვებას გეგმავს. მისი ბოლოდროინდელი განცხადება, ე.წ. სამშვიდობო წინადადება, რომლის თანახმად, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას, უკრაინას კი ნატოში მიღება უნდა აეკრძალოს, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარყო, მაგრამ… სინამდვილეში მისი ნათქვამი ომის დასრულების მართლაც ყველაზე რეალურ სცენარს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ: კრემლის მხარდამჭერებიდან დაწყებული, ნობელის პრემიის ლაურეატებითა და რომის პაპით დამთავრებული, ყველა მხარს უჭერს ისეთ „მშვიდობას“, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს. კიევმა, რა თქმა უნდა, უარყო კრემლის ასეთი წინადადება, მაგრამ რუსეთი, რომელიც მეთოდურად ანგრევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ტანჯავს მის მოსახლეობას ზამთარშიც და ზაფხულშიც, ფიტავს კიევის არმიას, თავისას, ალბათ, მიაღწევს. ბოლოსდაბოლოს, ყველა იმ ადამიანის მოქმედება, ვინც დაბომბვის და სიკვდილის თესვას შეაჩერებს, თუნდაც გარკვეული პირობით, მაინც უკეთესად იქნება მიჩნეული.

ყოველ ომში არის გამარჯვებული და დამარცხებული, მოგებული და წაგებული. თუ ამ ომს ვლადიმერ პუტინი მოიგებს, უკრაინა და მისი მოკავშირეები წაგებულები რჩებიან, მაგრამ მათი მარცხი თანაბრად არ გადანაწილდება. რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იქნება უკრაინა – ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს ტერიტორიის 20%-ს და დაახლოებით 5 მილიონს მცხოვრებს, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი უპირატესობას მაინც ომის შეწყვეტას ანიჭებს, თუნდაც კრემლის სცენარით: საბოლოოდ ჩაიშლება ვლადიმერ პუტინის თავდაპირველი გეგმა კიევის დაუფლებისა და უკრაინის როგორც ერის განადგურების შესახებ. ომი შეწყდება. უკრაინა მოკლულ-დახოცილებს გამოიტირებს, დაჭრილებს უმკურნალებს და გამოაჯანმრთელებს, ეკონომიკას აღადგენს. ანუ, უკრაინის რეპუტაცია მსოფლიო არენაზე ისეთი მაღალი იქნება, როგორც არასდროს და ევროკავშირის წევრიც სწრაფად გახდება.

სკეპტიკოსების თვალსაზრისით კი, თუ დასავლეთი კრემლის სცენარს დაეთანხმება, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. მსოფლიო დაინახავს, რომ დასავლელ ლიდერებს ევროპაში ომის გამოქვევი აგრესორის დასჯა არ შეუძლიათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზღვრები მეტად აღარ ითვლებიან ურღვევად. „გაყინული“ კონფლიქტები „გალღვებიან“, ძველი წყენები და უთანხმოებები ისევ გაიღვიძებს და გაერო (სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად), მხოლოდ ზარალს დააფიქსირებს. რუსეთი, თავის ანტიდასავლელე მოკავშირეებთან (ირანი, ჩრდ.კორეა) ერთად, უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს „მოყოყმანე“ ქვეყნების მხრიდან. შემდეგი კოფლიქტი უკვე შეიძლება თვითონ ნატოს ტერიტორიაზე მოხდეს. თუ ნატომ უკრაინაში ვერ შეაჩერა, როგორ შეაჩერებს ესტონეთში? ნატო პუტინის ანკესზე წამოეგო მესამე მსოფლიოს ომის დაწყების შიშით. ევროპის კონტინენტი უსაფრთხო აღარ იქნება.

მაგრამ ამ ომში ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინა და ევროპა კი არ გამოდიან, არამედ… ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ ალიანსში პასუხისმგებლობის ძირითადი სიმძიმე მის ლიდერს ეკისრება. ახლა კი პუტინის სცენარის რეალიზებით რა გამოდის? აღუთქვა რა დახმარება უკრაინას, გახდა რა კიევის მოკავშირე, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს. ამერიკა კარგავს თავის როლს დასავლეთის მთავარი საყრდენის სახით, რომელსაც აღარ შეუძლია თავისი მოკავშირეებისათვის მფარველისა და დამცველის როლი შეასრულოს. შარშან ამერიკამ უკრაინას დახმარება დაუგვიანა, რამაც კონტრშეტევაში კიევის წარუმატებლობა გამოიწვია. აშშ-მა მსოფლიოს სტაბილურობის საკითხში ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა. მათთვის, ვინც ამერიკის დიდებას მხარს უჭერს, ამ მწარე აბის გადაყლაპვა ძნელი იქნება.

ამერიკის ასეთ რეპუტაციულ კატასტროფა, ალბათ შეფასდება იმის მიხედვით, თუ ვინ დაჯდება თეთრ სახლში: დემოკრატი პრეზიდენტი სიტუაციას შეარბილებს, რესპუბლიკელი კი იზოლაციონიზმის ტრიუმფად ჩათვლის. მაგრამ ისეთ სიტუაციაშიც, კი როცა ამერიკამ „ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს“, მას მეორე და მესამე პირი დაჭირდება, ზურგის საყრდენად. მხარს დაუჭერს თუ არა ევროპა ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში? პეკინი ახლა რუსული იაფი ენერგორესურსებით და სავაჭრო შეღავათებით ისე ძლიერდება, რომ სი ძინპინი მალე ვაშინგტონს აინუნშიაც არ ჩააგდებს. გარდა ამისა, იქნება თუ არა ახლო აღმოსავლეთი აშშ-სადმი კეთილგანწყობილი?

დრო გვიჩვენებს, რამდენად სერიოზული იქნება ომში რუსეთის გამარჯვების გავლენა აშშ-ის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ამერიკის ტერიტორიიდან შორს მიმდინარე ომმა მსოფლიო შეცვალა და მასში ამერიკის ადგილი შეამცირა.

წყარო