გახარიასთან ერთად შევთანხმდით, საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერ მამუკა ბახტაძეს, რომ არანაირი სპეცსაშუალებების გამოყენებას არ ვაპირებდით, განცხადებიდან რამდენიმე წუთში სროლა იყო დაწყებული -გიორგი ჭოლაძე

2
spot_img

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები განიხილება, გიორგი ჭოლაძემ გაიხსენა მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან იყო შეთანხმებული, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები და ძალისმიერი მეთოდები არ იქნებოდა გამოყენებული.

გიორგი ჭოლაძე იხსენებს, რომ ამ განცხადებიდან მალევე, რამდენიმე წუთში შეიტყო, რომ სროლა იყო დაწყებული.

„შევთანხმდით, რომ პრემიერი უნდა გამოსულიყო, მისულიყო შეკრებილ მედიასაშუალებებთან და განცხადებით მიემართა საზოგადოებისთვის, დაეწყნარებინა საზოგადოება. პრემიერის გამოსვლა, განცხადება იყო 23:42 საათზე. მანამდე რამდენიმე წუთით, ალბათ ხუთი წუთით ადრე ვიდექით ერთად და ბახტაძის დაჟინებული მოთხოვნა იყო, არანაირი სპეცსაშუალება არ ყოფილიყო გამოყენებული, რადგან იმ რაოდენობის ხალხი არ იყო, რომ სხვა მეთოდებით ვერ გამკლავებოდი. შეიძლებოდა მოლაპარაკება. გაჟღერდა კიდეც, რომ ოპოზიციის ლიდერები უნდა შემოსულიყვნენ. შემდეგ ეს რატომღაც გაუქმდა, რადგან წავიდა მთელი ამბავი და ბახაბუხი. შევთანხმდით მესიჯზე, საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერ-მინისტრს, ასე ვთქვათ, დამაწყნარებელი მესიჯით, უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალებების გამოყენებას. მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრი როცა ღონისძიებას ატარებს გარეულ თახვებთან დაკავშირებით, რატომ უნდა იცოდეს პრემიერ-მინისტრმა გარეული თახვების რაოდენობა შირაქის ველზე? ამას უყვება, რადგან საზოგადოებას როცა მიმართავს, მედიასთან დადგება, შინაარსი უნდა იცოდეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მომენტს, მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ. პრემიერ-მინისტრს უთხრა, მამუკა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეცსაშუალების გამოყენებას. ამ დროს ერთად ვიდექით მე, გახარია, პრემიერი, მისი პრესცენტრის წარმომადგენელი და გარშემო დეპუტატები ყველანი იყვნენ. პრესცენტრის წარმომადგენელი იყო სოფო მდინარაძე. ვიარეთ დერეფნებში, ცოტა არ გვივლია. მე წავყევი მამუკა ბახტაძეს. ჩემი თანამშრომელი არცერთი არ იყო იქ, რადგან არავინ გადმომიყვანია. თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა, რომ პარლამენტის შენობაში შტაბი შედგა. ეს ჩემი პირადი აზრია. არ ვიცი, ბოლო პროცესების დროს რა ხდებოდა, მაგრამ ამ შენობაში რა უნდოდა შტაბს და რატომ მოხდა ასე, რომ ეძახდა დეპუტატებს, როცა გვერდით შენობაში, ინგოროყვას შვიდ ნომერში არის აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი სიტუაციური ოთახი, სადაც იმართებოდა კოვიდის სხდომები, უმაღლეს დონეზე გამართულია ტექნიკურად და ათჯერ უკეთესად შეგიძლია მართო იქიდან სიტუაცია. ეს ჩემი აზრია. შეიძლება, გახარია მოვიდეს და თქვას, რომ ისეთი მაგარი მინისტრი ვიყავი, მივედი და მგლის ხახაში ჩავყავი თავიო, მაგრამ ეს ასე არ იყო. ამას მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ უნდა გაეკეთებინა. აქ რომ ეპატიჟებოდა დეპუტატებს და ელჩი ჰყავდა, ჩემი აზრით, ფარად ასაფარებლად, რამე რომ მომხდარიყო და გერმანიის ელჩს ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა, ხალხი რომ შემოვარდნილიყო, გააზრებული ჰქონდა, რა მოხდებოდა? არა. რატომ არ ჰქონდა გააზრებული? რადგან ვენის კონვენცია წაკითხული არ ჰქონდა. აქ რასაც ვუყურებდით, მგონი, პოლიციის შესახებ კანონიც არ ჰქონდა წაკითხული.

დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში პრემიერმა თხრობით რეჟიმში გააკეთა განცხადება, თქვა, რომ თვითონაც აღშფოთებული იყო, ყველა ნორმალური ქართველი აღშფოთებული იყო იმით, რაც მოხდა. გვახსოვს, მათ შორის ვეტერანების განცხადებები, ყველა იყო აღშფოთებული, მათ შორის ჩვენ, ამ დარბაზში მყოფი ადამიანები. საუბარია გავრილოვზე. პრემიერმა მოუწოდა ახალგაზრდებს, ნუ წამოეგებოდნენ პროვოკაციებს, ნუ გახდებოდნენ რაღაც ჯგუფების გამოსაყენებელი და ნუ იძალადებდნენ. მათ მოუწოდა სიმშვიდისკენ. ბოლოს ყველაზე მთავარი, რაც თქვა, იყო ის, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გეუბნებით, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს ჩვენივე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართო. ეს არ მოხდება, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებსო. დამთავრდა ეს ამბავი, მოვტრიალდით უკან, რამდენიმე დეპუტატი იდგა, ქვემოდან ისმოდა ოპოზიციური დეპუტატების შეძახილები, სკანდირებდნენ რაღაცებს. შევყოვნდი დერეფანში და როცა ზვიად ძიძიგურის ოთახში შევედი, სადაც იყო შეკრებილი ხალხი, მთავრობა, უკვე სროლა დაწყებული იყო. კიდევ რომ დავაზუსტო, მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში, ვიდრე მივედი იმ ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული. მე ასე მახსოვს და ზუსტად მახსოვს, ეს ამბავი იყო რამდენიმე წუთში. გახარია ისევ იქ იყო, შემდეგ მძიმე საუბარი შედგა“, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი ჭოლაძეს მიმართა, ვის და ვის შორის შედგა მძიმე საუბარი, რაზეც ჭოლაძემ აღნიშნა:

„მამუკა ბახტაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის და არა მარტო მათ შორის. რბილად ვიტყვი, ის საყვედურობდა, რა ხდებოდა და რატომ გააკეთა ეს. კითხვა იმაზე კი არ იყო მარტო, რატომ მოხდა სპეცსაშუალებების გამოყენება. ქრონოლოგიურად რაც მოვყევი, 23:49 საათზე მთავრდება პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, განცხადება, რამდენიმე წუთში შევდივართ ოთახში და სროლა დაწყებულია. ჩემი ძმა რომ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თეორიულად დავუშვებდი ეჭვს, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული“.